Honda, Acura
Aa
Aa

აშშ-მა Honda-ს 1.4 მილიონ ავტომობილში ძრავის დეფექტის მიზეზით გამოძიება დაიწყო

საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა დეპარტამენტმა, Honda-ს 1.4 მილიონ ავტომობილში ძრავის დეფექტის მიზეზით, გამოძიება დაიწყო. ჯერ კიდევ 2023 წელს, Honda-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში 249 000 ავტომობილი უკან გაიწვია. ეს მოდელები 3.5-ლიტრიანი V6 ძრავებითაა აღჭურვილი.

იმ დროს, ავტომობილების უკან გაწვევასთან დაკავშირებით, კომპანიამ კომენტარიც გააკეთა. საქმე ძრავის მუხლა ლილვის საწარმოო დეფექტს შეეხებოდა, რაც შესაძლოა ბარბაცას ქვედა თავის სადების ცვეთის მიზეზი გამხდარიყო.

აშშ-ის ავტოუსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, დეფექტის შესახებ ორგანიზაციაში 173 შეტყობინება შევიდა - ძირითადად Honda-სა და Acura-ს 2016-2020 წლების მოდელებზე. დეპარტამენტის გამოძიება პრობლემის სიმძიმის დადგენას არ ემსახურება, მისი მთავარი მიზანია გამოიკვლიოს ის მანქანები, რომელთაც შესაძლოა იგივე დეფექტი აქვთ, თუმცა 2023 წლის გაწვევაში ვერ მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ პირველად Honda-მ ამ დეფექტის გამოძიება 2020 წელს დაიწყო, თუმცა საქმე მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაასაჯაროვა. Honda-ს ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიაში 1 450-ზე მეტი მიმართვა შევიდა. გაწვევის ფარგლებში, დილერებს ძრავის შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა ევალებათ.

ცნობისთვის, გამოძიება შეეხება 2016-2020 წლებში წარმოებულ Acura MDX-ს, 2018-2020 წლების Acura TLX-ს, 2016-2020 წლების Honda Pilot-ს, 2017-2019 წლების Honda Ridgeline-სა და 2018-2020 წლების Honda Odyssey-ს.  

მსგავსი სიახლეები