Peugeot, Renault, Peugeot 205
Aa
Aa

მანქანა, რომლის გამოც მილიარდერი საკუთარ კომპანიაში არ შეუშვეს

LVHM-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბერნარ არნო საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანია. წელს, არნომ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდება რამდენჯერმე ილონ მასკსაც კი ჩამოართვა. მის საკუთრებაში არსებულ კონგლომერატში ისეთი ცნობილი ბრენდები შედის, როგორებიცაა Tiffany & Co, Louis Vuitton-ი და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების შემდეგ, უფრო მეტად გასაკვირია ის ფაქტი, რომ არნოს ავტოფარეხში, ბევრ ძვირად ღირებულ ავტომობილთან ერთად, მისი Peugeot 205-იც ინახებოდა. უახლესი ვერსიის 205 GTI მილიარდერმა 1990 წელს შეიძინა. ავტომობილის ქარხნული 1.9 ბენზინის ძრავა ჰქონდა და 130 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

არნოს უსაფრთხოების გუნდისთვის, მანქანის შესაძლებლობები და ზომა დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ისინი მილიარდერის დაცვას Peugeot-თი გადაადგილებისას სრულყოფილად ვერ ახერხებდნენ. სიტუაციას Renault-ის ხელმძღვანელის მკვლელობაც ამძაფრებდა, რის გამოც მილიარდერმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გადაწყვიტა.

არნომ Peugeot 205-ის მოდიფიცირება ერთ-ერთ გამოცდილ საინჟინრო ჯგუფს დაავალა. შედეგად, მანქანის ძარა და ფანჯრები ტყვიაგაუმტარი გახდა. მანქანა თითქმის სრულად დაიშალა და მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო 205-ად იქცა. ინტერიერს რაც შეეხება, ერთადერთი რაც ფრანგმა მილიარდერმა მოითხოვა ტყავის სალონი იყო.

შეჯავშნის შემდეგ, მანქანის წონა თითქმის 500 კილოგრამით გაიზარდა. საჭირო გახდა, როგორც დაკიდების სისტემის, ასევე მუხრუჭების გაძლიერებაც. თუმცა ინჟინრები ძრავას არ შეხებიან, რადგან არნოს მისი ქარხნული ვერსიის შენარჩუნება სურდა. 

ავტომობილი 2018 წელს 37 500 ევროდ გაიყიდა. ამ დროისთვის Peugeot-ს მხოლოდ 15 000 კილომეტრი ჰქონდა დაფარული, ისიც თითქმის სრულად ქალაქში, კონკრეტულად კი პარიზში. სწორედ პარიზში, ოფისში ერთ-ერთი ვიზიტისას, დაცვის თანამშრომელმა არნო საკუთარ კომპანიაში არ შეუშვა. მილიარდერი სამსახურში Peugeot-თი გამოცხადდა და ძალიან გაუჭირდა დაცვის თანამშრომელი დაერწმუნებინა, რომ კომპანიის მფლობელი იყო.

მსგავსი სიახლეები