Alibaba-ზე Ferrari 458-ის მთლიანი ძარა $27 000-ად იყიდება
სუპერქარების ასლების შექმნა, თანაც ხელმისაწვდომ ფასად, რთული და შრომატევადი საქმეა. სუპერქარების კომპონენტურ ასლებს ხშირად არც შესაბამისი შასი, არც ძრავა და არც ძარა აქვთ. თუმცა Alibaba-ს ახალ შეთავაზებასთან ერთად, ენთუზიასტებს უკვე ეს საქმეც გაუმარტივდებათ.
ცოტა ხნის წინ, ჩინურ პლატფორმაზე Toyota AE86-ს რესტავრირებული კორპუსი ვიხილეთ, რომელიც $9 500-ად იყიდებოდა. ახლა კი, Alibaba-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა Ferrari 458-ის მთლიანი ძარა გამოიტანა გასაყიდად. ღირებულებაც Toyota-სთან შედარებით საკმაოდ მაღალია - Ferrari-ის ეს ძარა $28 000-ად იყიდება. მფლობელი პოტენციურ მყიდველებს არწმუნებს, რომ ამ ძარის ავთენტურობა გარანტირებულია: „ეს არის ორიგინალი, მეორადი მანქანის პრემიუმ OEM კორპუსი, Ferrari F458-ის მოდელისთვის. ძარა ავტომობილს სრულყოფილად ერგება“.
აღწერილობაში ნათქვამია, რომ „ძარა Ferrari-ის სხვადასხვა მოდელებს, მათ შორის 458 Italia-ს, Speciale-სა და Spider-ს ერგება“. თუმცა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, რომ ეს კორპუსი ვინმემ Spider-ისთვის შეიძინოს, ერთი მარტივი მიზეზის გამოც კი - მას სახურავი აქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მანქანის კორპუსი, ფოტოებიდან და ვიდეოებიდან იდეალურად გამოიყურება. კარგ მდგომარეობაშია კარები და მინებიც.
მსურველებს Ferrari-ის რესტავრირებული კორპუსის შესაძენად $27 700-ის გადახდა მოუწევთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ თანხაში ტრანსპორტირების ხარჯები არ შედის. ჩინეთიდან იმპორტზე ბოლოდროინდელ შეზღუვებსაც თუ გავიხსენებთ, Alibaba-დან Ferrari-ის კორპუსის შეძენა შესაძლოა არც თუ ისე მარტივი საქმე აღმოჩნდეს.
Ferrari-ის სადილეროებში ნაწილების არსებულ ფასებს თუ გადავხედავთ, Alibaba-ს შეთავაზება საკმაოდ ხელსაყრელი გარიგება უნდა იყოს. Scuderia Car Parts-ზე ავტომობილის ოთხივე ფრთის (წინა და უკანა) ღირებულება $10 000-ზე მეტია. ჩინურ პლატფორმაზე კი, მთლიანი ძარის ღირებულება $27 000-ია.
Alibaba-ზე კლასიკური ავტომობილებისა და სუპერქარების ორიგინალი თუ რესტავრირებული ძარები, ბოლო დროს, ხშირად გვხვდება. Toyota AE86-ს გარდა, ცოტა ხნის წინ, პლატფორმაზე Lamborghini Gallardo-ს მთლიანი ჩარჩო $2 500-ად იყიდებოდა.