Lucid Air, ელექტრომობილი, Lucid
Aa
Aa

Lucid Air-ის საპატრულო ავტომობილი

ბოლო დროს, ელექტრომობილების საპატრულო ავტომობილებად გადაკეთების რამდენიმე წარმატებული მცდელობა ვიხილეთ. მათ შორის იყო Tesla-ს Cybertruck-ი და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, 1 020 ცხენის ძალის მქონე Model S Plaid-ი, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ახლა კი, ინტერნეტში Lucid Air-ის მოდიფიცირებული ვერსია გამოჩნდა, რომელიც კალიფორნიის საპატრულო დეპარტამენტში ამჟამად ტესტირებას გადის. ეს Lucid Pursuit-ია და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და დახვეწილი დიზაინის მქონე საპატრულო ავტომობილია, რომელიც ოდესმე გინახავთ.

კალიფორნიის დეპარტამენტისთვის მოდიფიცირებული Lucid-ი ციმციმებით და საპატრულო ავტომობილისთვის საჭირო სხვა დეტალებითაა აღჭურვილი. შენარჩუნებულია კლასიკური შავ-თეთრი ფერები და დამატებულია ფოლადის დისკები. კალიფორნიის დეპარტამენტის პატივსაცემად, ავტომობილზე გამოსახულია დათვის სიმბოლო და „ელვის ნიშანი“, რაც ავტომობილის ელექტრობაზე მიუთითებს.

კალიფორნიის დეპარტამენტს მოდიფიცირებული ავტომობილის შესაძლებლობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. თუმცა მანქანის ქარხნული ვერსიაც კი, გაუმჯობესებების გარეშეც, ნებისმიერი საპატრულო ეკიპაჟისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება. უცნობია ელექტრომობილის ფასიც, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ Air Pure-ის ღირებულება $69 900-დან იწყება, მოდიფიცირებული ვერსიის შემთხვევაში შედარებით მაღალ ფასს უნდა ველოდოთ.

Lucid-ის ელექტრომობილი 430 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მხოლოდ ერთი დამუხტვით 670 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. $78 900-იანი Air Touring-ი კი, 620 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 3.4 წამში ჩქარდება.

უფრო დიდი ბიუჯეტის მქონე განყოფილებებისთვის Lucid-ის სხვა მოდელები, Air Grand Touring-ი და Sapphire-იც იდეალური ვერსია იქნება. $110 900-იანი ელექტრომობილი 819 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 824 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ხოლო Sapphire, რომელიც 249 000 დოლარი ღირს, 1 234 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 1.9 წამში ჩქარდება.

მსგავსი სიახლეები