ხარ-ირემმა BMW-ის მაღაზიაში კლასიკური მე-8 სერია გაანადგურა
არავისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ეს შემთხვევა სკანდინავიაში მოხდა. კერძოდ კი შვედეთში, BMW-ისა და Mini-ის ნაწილების მაღაზიაში. ამ ტერიტორიაზე 400 000-მდე ხარ-ირემი ცხოვრობს, ასე რომ მათი გამოჩენა იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. თუმცა დასახლებულ პუნქტთან მსგავს სიახლოვეზე, მსგავსი ტიპის ინციდენტები მაინც საკმაოდ საშიშია.
მომხდარის თვითმხილველი მაღაზიის მფლობელი ვიქტორ ორტეგენია. როგორც ის იხსენებს, ავტოფარეხში მის პირად ჩქაროსნულ ნავს აყენებდა, რა დროსაც მაღაზიიდან უცნაური ხმა გაიგო. თავდაპირველად მაღაზიაში კლიენტების დანახვას ელოდა, თუმცა როდესაც ხარ-ირემი შეამჩნია, მაშინვე დამალვა გადაწყვიტა. ამ დისტანციიდან კი მხოლოდ ის დაინახა, რომ ხარ-ირემმა თითქმის სრულად რესტავრირებულ, BMW 850i-ს კაპოტზე გადაუარა და კვლავ ტყეში დაბრუნდა.
მაღაზიის დატოვების შემდეგ, ხარ-ირემმა დამატებით რამდენიმე სხვა ავტომობილიც დააზიანა. მათ შორის, E31 850i და მესამე სერიის E36 - მათგან ერთი მაღაზიის მომხმარებელს, ერთიც კი თანამშრომელს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, E31 850i-ის მფლობელს, მაღაზიის მესაკუთრის წერილი, ავტომობილის დაზიანების შესახებ ხუმრობა ეგონა. თუმცა ხუმრობა რეალობა აღმოჩნდა და ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალაც არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, რასაც ვერ ვიტყვით მანქანებზე. თუმცა, საბედნიეროდ, მათი შეკეთება შესაძლებელია.