Bugatti Mistral-ი ყველაზე სწრაფი უსახურავო მანქანაა, რომელიც ოდესმე შექმნილა
გახსოვთ, როდესაც Bugatti-მ თქვა, რომ რეკორდების მოხსნა სურდა? როგორც ჩანს არ ტყუოდა. W-16-ის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ჰორიზონტზე უახლესი 8-ლიტრიანი მონსტრი ჩანს. რეკორდის დამყარებაში კი კომპანიას Bugatti Mistral-ი დაეხმარა, რომელიც ისტორიაში ყველაზე სწრაფი უსახურავო ავტომობილი გახდა.
რეალურად Mistral-ის მაქსიმალური სიჩქარე იმაზე მეტია, ვიდრე კომპანიამ განაცხადა. საჯარო ინფორმაციით, ჰიპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 420 კმ/სთ-ია, რა მაჩვენებლითაც ის Veyron 16.4 Grand Sport Vitesse-ს უკვე ასწრებს. თუმცა რეალურად აღმოჩნდა, რომ ეს მოდელი 453.91 კმ/სთ-საც კი აღწევს.
გამოდის, რომ ეს მოდელი დაახლოებით 35 კმ/სთ-ით უფრო სწრაფია, ვიდრე Chiron-ის კუპე. ცნობისთვის, Mistral-ი სწორედ ამ უკანასკნელის ბაზაზე შეიქმნა. რაც შეეხება Mistral-ის, Bugatti-მ ამ მოდელის მხოლოდ 99 ეგზემპლარი შექმნა და რეკორდსმენი მანქანაც ერთ-ერთი მათგანია.
რეკორდის დამყარების მომენტში ავტომობილს Bugatti-ის ტესტ-დრაივერი ენდი უოლესი მართავდა. უოლესი ლე მანის გამარჯვებულია, რომელმაც Chiron Super Sport 300+-ის საჭესთან ასევე რეკორდული, 490 კმ/სთ დააფიქსირა.
უახლესი მიღწევით, Mistral-მა Venom GT Spyder-ის რეკორდიც გააუმჯობესა, რომელმაც ჯერ კიდევ 2016 წელს 426.5 კმ/სთ დააფიქსირა. Bugatti-ს რეკორდული გარბენი 9 ნოემბერს შედგა და მას Bugatti Rimac-ის აღმასრულებელი დირექტორი, მათე რიმაციც ესწრებოდა. რიმაცი Rimac Group-ის 37%-იანი წილის მფლობელია.