Acura NSX-ს ტრასაზე მოძრაობისას ცეცხლი გაუჩნდა
„იუტუბერი“ ენჯი კინგი ტრასაზე თავისი Acura NSX-ით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს, კინგი მისი არხისთვის ვიდეოს იღებდა, რომელიც შემდგომ უკვე პლატფორმაზე თავადვე გამოაქვეყნა.
კინგის YouTube-არხი ძირითადად ავტომობილებისა და ტექნოლოგიების შესახებ გადაღებულ ვიდეოებს აერთიანებს. ამ ამბის მთავარი გმირი კი ცოტა ხნის წინ მოდიფიცირებული, პირველი თაობის Acura NSX-ია. „იუტუბერს“ კატასტროფამდე ამ ავტომობილით მხოლოდ 500 კილომეტრი ჰქონდა გავლილი.
შემთხვევის დროს კინგი ერთ-ერთ გზატკეცილზე გადაადგილდებოდა და თან ვიდეო ბლოგს იღებდა, რომელშიც Acura NSX-ის მართვის გამოცდილებაზე საუბრობდა. ვიდეოს დაწყებიდან დაახლოებით ორი წუთის შემდეგ, „იუტუბერმა“ კვამლი შეამჩნია, რომელიც ავტომობილის უკანა ნაწილიდან მოდიოდა. კინგმა სვლა შეანელა, მანქანა შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა, მხოლოდ შემდგომ გაჩერდა და ავტომობილიდან გადმოვიდა.
მანქანის დატოვების შემდეგ, კინგმა რამდენიმე ნივთის, მათ შორის OBD სკანერის აღებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. ყველა ნივთი Acura NSX-ისთან ერთად განადგურდა. რაც შეეხება „იუტუბერს“, ის თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ მცირე დროით სუნთქვა უჭირდა. თუმცა მომხდარს ტრაგედიად აფასებს და ამბობს, რომ ავტომობილი დაზღვეულიც კი არ ჰყავდა.
მომხდართან დაკავშირებით კინგსმა პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მისი Acura ახალი მოდიფიცირებული იყო, მხოლოდ 500 კილომეტრი ჰქონდა გავლილი და ამ შემთხვევამდე, არც რაიმე სახის პრობლემა შეჰქმნია. ამით ხსნის იმ ფაქტსაც, რომ ავტომობილში ცეცხლმაქრი არ ჰქონდა.
კინგსს ახლა უკვე ავტომობილის აღდგენა სურს. NSX-ის სხვა მფლობელებმა მას ამ საქმეში დახმარებაც აღუთქვეს, მათ შორის საჭირო სერვისებითა და ნაწილებით. საქმის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, აღდგენილ Acura-ს, სავარაუდოდ, მის YouTube-არხზე კვლავ ვიხილავთ.