Fiat-ი ეთანოლზე მომუშავე ჰიბრიდებს გამოუშვებს
Aa
Aa

Fiat-ი ეთანოლზე მომუშავე ჰიბრიდებს გამოუშვებს

ჰიბრიდების ისტორია სათავეს ჯერ კიდევ 1901 წლიდან იწყებს - პერიოდიდან, როდესაც ფერდინანდ პორშემ Loehner-Porsche „Mixte“ შექმნა. თუმცა ჰიბრიდებმა ყველაზე დიდი პოპულარობა მაინც 1990-იან წლებში მოიპოვა. ამ დროს ბაზარზე Prius-ი გამოჩნდა.

ძირითადად, ჰიბრიდები საწვავად ბენზინს იყენებენ. თუმცა ზოგიერთი მოდელი, მათ შორის Mercedes-ის, დიზელზეც მუშაობს. დიზელზე მომუშავე სერიული წარმოების მოდელი 2012 ელს წარადგინა Peugeot-მაც. თუმცა ახლა, Fiat-ი ამ მიდგომის სრულად გარდაქმნას გეგმავს და ბრაზილიაში, ეთანოლზე მომუშავე ჰიბრიდული ავტომობილების ახალი ხაზის გამოშვებას აანონსებს.

Stellantis-ი ახალ ტექნოლოგიას „ბიო-ჰიბრიდულს“ უწოდებს. ტექნოლოგია 1-ლიტრიან ტურბოძრავას ეფუძნება. ეს 3-ცილინდრიანი ძრავა იმუშავებს, როგორც ბენზინზე, ასევე ეთანოლზე. Fiat-ს ახალი ხაზის მოდელები - Fastback და Pulse - 3-ცილინდრიანი ძრავისა და ელექტროძრავის საშუალებით 130 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც შეიძლება ბევრი არაა, თუმცა მსგავსად პატარა ზომის ავტომობილებისთვის საკმარისია.

Fiat-ის შეფასებითვე, Fiat Fastback და Pulse მოდელები სეგმენტის ყველაზე ძლიერი ჰიბრიდებია. ორივე ავტომობილი T200 ჰიბრიდულ სისტემას იყენებს და დაახლოებით 200 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ახალ მოდელებში ავტომწარმოებელი ორ ახალ ბატარეასაც ამატებს, ესენია: 68Ah მჟავა-ტყვიის აკუმულატორი და 11Ah ლითიუმ-იონური ბატარეა, რომელიც  მძღოლის სკამის ქვეშ განთავსდება. ეს ბატარეები ჩვეულებრივ გენერატორსა და სტარტერს ანაცვლებს.

რატომ ეთანოლი? იმიტომ, რომ ბრაზილია მსოფლიოში ეთანოლის მეორე უდიდესი მწარმოებელია. Fiat-მა, ბრაზილიაში 1979 წელს ეთანოლზე მომუშავე 147 მცირე ზომის ჰეჯბექიც გამოუშვა. ბრაზილიაში, ეთანოლზე მომუშავე ჰიბრიდების გამოშვებას, უახლოეს მომავალში General Motors-ი და Honda-ც გეგმავენ.

 

მსგავსი სიახლეები