BMW-ისა და BYD-ის ახალ ქარხნები უნგრეთში 205 წლიდან ამოქმედდება
უნგრეთში მდებარე ჩინური BYD-ისა და გერმანული BMW-ის ახალი საავტომობილო ქარხნები წარმოებას სავარაუდოდ 2025 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ქარხნების ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ორბანის მმართველობის პერიოდში, უნგრეთი, ჩინეთისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორად იქცა. განსხვავებით ევროპის სხვა ქვეყნებისა, რომლებიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. უნგრეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია გერმანია - ქვეყნის რამდენიმე ქარხანა უნგრეთში უკვე ოპერირებს.
გარდა ამისა, ორბანი, ცენტრალურ ევროპაში ჩინური ელექტრომობილებისა და ბატარეების წარმოების გაზრდის მომხრეცაა. ამის პარალელურად კი, ევროკავშირი ჩინეთზე ზეწოლას აძლიერებს. ცოტა ხნის წინ, ორგანიზაციამ ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფები გაზარდა და შემდგომში ახალი ზომების მიღებასაც განიხილავს.
ამის მიუხედავად, უნგრეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში ტექნიკურ რეცესიაში ჩავარდა. ეს ძირითადად ფერმერული მეურნეობის, მრეწველობისა და მშენებლობის სისუსტით იყო გამოწვეული. ეს პრობლემაა ქვეყნის ლიდერისთვის, რომელიც 2026 წლის არჩევნების წინ ეკონომიკის აღორძინებას ცდილობს.
უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, BYD-ისა და BMW-ის მშენებარე ქარხნებში, მომავალი წლიდან, წარმოების დაწყება პოზიტიურ ეკონომიკურ მოლოდინებს აჩენს ქვეყნისთვის. ამასთან ერთად, უნგრეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ჩინური კომპანია CATL-ია, რომელიც ბატარეების წარმოებისთვის $7.3 მილიარდის ღირებულების ქარხანას აშენებს.