BMW-ისა და BYD-ის ახალი ქარხნები უნგრეთში 2025 წლიდან ამოქმედდება
უნგრეთში მდებარე ჩინური BYD-ისა და გერმანული BMW-ის ახალი საავტომობილო ქარხნები წარმოებას სავარაუდოდ 2025 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ქარხნების ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ორბანის მმართველობის პერიოდში, უნგრეთი, ჩინეთისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორად იქცა. ორბანი, ცენტრალურ ევროპაში ჩინური ელექტრომობილებისა და ბატარეების წარმოების გაზრდის მომხრეცაა. განსხვავებით ევროპის სხვა ქვეყნებისა, რომლებიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. უნგრეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია გერმანია, რომლის რამდენიმე ქარხანა უნგრეთში უკვე ოპერირებს.
ამის პარალელურად კი, ევროკავშირი ჩინეთზე ზეწოლას აძლიერებს. ცოტა ხნის წინ, ორგანიზაციამ ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფები გაზარდა და შემდგომში ახალი ზომების მიღებასაც განიხილავს.
თუმცა, უნგრეთის სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ქვეყნის ეკონომიკა მესამე კვარტალში ტექნიკურ რეცესიაში ჩავარდა. ეს ძირითადად ფერმერული მეურნეობის, მრეწველობისა და მშენებლობის სისუსტით იყო გამოწვეული. რეცესია პრობლემაა ქვეყნის ლიდერისთვის, რომელიც 2026 წლის არჩევნების წინ ეკონომიკის აღორძინებას ცდილობს.
უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, BYD-ისა და BMW-ის მშენებარე ქარხნებში, მომავალი წლიდან, წარმოების დაწყება ქვეყნისთვის პოზიტიურ ეკონომიკურ მოლოდინებს აჩენს. ამასთან ერთად, უნგრეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ჩინური კომპანია CATL-ია, რომელიც ბატარეების წარმოებისთვის $7.3 მილიარდის ღირებულების ქარხანას აშენებს.