დიზელზე მომუშავე ავტომობილებთან დაკავშირებული სარჩელი BMW-ის $6 მილიონი დაუჯდა
BMW იმ ავტომწარმოებელთა არც თუ ისე ექსკლუზიურ კლუბს შეუერთდა, რომლებიც გარემოსდაცვითი ცოდვებისთვის საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებს იხდიან. კონკრეტულად კი, ეს საქმე 2009-2013 წლების X5 xDrive35d-სა და 2009-2011 წლების 335d მოდელების მფლობელთა ნაწილს ეხება. მათ, გერმანულმა კომპანიამ, კომპენსაციის სახით $6 მილიონი გადაუხადა.
რას შეეხება სარჩელი? - სასამართლო დავა, რომელიც BMW-ის მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ედავებოდა, წლებია გრძელდება. სარჩელის თანახმად, ავტომწარმოებელმა მისი „დიზელის ავტომობილები“, სუფთა, შედარებით ეკომეგობრულ მოდელებად წარადგინა, როდესაც რეალურად, ისინი გარემოსდაცვით რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებდნენ.
მოსარჩელეების მტკიცებით, BMW-ის მოდელები გამონაბოლქვის ოფიციალურ ტესტირებებს Bosch-ის სპეციალური მოწყობილობის წყალობით აბარებდნენ. თუმცა, ყოველდღიური ტრანსპორტირებისას, დასაშვებზე მეტ გამონაბოლქვს, ჩვეულებრივ გამოყოფდნენ. BMW ბრალდებებს უარყოფს, თუმცა კომპენსაციის გადახდა მაინც უწევს.
გერმანული ავტომწარმოებლისთვის დაწესებული $6 მილიონიდან, თანხა შემდეგნაირად ნაწილდება: $1 998 000-ით ადვოკატთა გადასახადები, დამატებით $1 მილიონთ კი მათი ხარჯები დაიფარება. დარჩენილი თანხიდან, $5 000-$5 000 ჯამში 18 მოსარჩელეზე გადანაწილდება.
რაც შეეხებათ უშუალოდ ავტომობილის მფლობელებს, მათ BMW-ის კომპენსაციიდან მხოლოდ მცირე მოცულობით თანხა შეხვდებათ. ეს ეხებათ პირებს, რომლებმაც X5 ან მესამე სერიის მოდელები 2024 წლის 28 თებერვლამდე შეისყიდეს. ამისთვის, მფლობელებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. მათ მიერ მიღებული თანხა, სწორედ წარმდგენელთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.