ილონ მასკი, Tesla, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა
Aa
Aa

რა ბედი ელის თვითმართვად ავტომობილებს არჩევნების შემდეგ?

Bloomberg News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ავტონომიური მართვის ავტომობილებისთვის, ფედერალური რეგულაციების შექმნას გეგმავს. ამ ცნობების გავრცელების შემდეგ, Tesla-ს აქციების ღირებულება, მხოლოდ ორშაბათს, 5%-ზე მეტით გაიზარდა.

მოხსენება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტრამპმა, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის თანახელმძღვანელად დაასახელა. Bloomberg-ის მტკიცებით, ტრამპის გუნდი, ტრანსპორტის დეპარტამენტისთვის ლიდერებს ეძებს, რომლებიც ფედერალურ მარეგულირებელ ბაზას შეიმუშავებენ.

საინტერესოა, რომ გასულ თვეში, მასკმა, შტატების მიხედვით კანონის დამტკიცების პროცესი გააკრიტიკა და მას, თვითმართვადი ავტომობილებისთვის, „წარმოუდგენლად მტკივნეული“ საკითხი უწოდა. განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, მილიარდერმა რობოტაქსი დააანონსა, რომელიც მისი გეგმებით, წარმოებაში 2026 წლიდან უნდა ჩაეშვას.

„ერთიანმა ფედერალურმა რეგულაციამ შეიძლება გაამარტივოს ეს (დამტკიცების პროცესი), რაც Tesla-ს, FSD-ტესტირების მიმართულებით უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მამტა ვალეჩამ, Quilter Cheviot-ის ანალიტიკოსმა.

თუმცა რეგულაცია, ამ ეტაპზე, Tesla-სთვის ერთადერთ ბარიერს არ წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ FSD-ტექნოლოგია ოთხ წელზე მეტია გამოძიების ობიექტია. საქმეს Tesla-ს პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი მანქანების ოთხი საავარიო შემთხვევა ართულებს, რომელთაგანაც ერთი, ფატალურად დასრულდა.

თვითმართვის ტექნოლოგიისთვის საქმე შესაძლოა ტრამპის გამარჯვების შემდეგ გამარტივდეს. საარჩევნო კამპანიისას მასკი, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მთავარი მხარდამჭერი იყო. მისი გამარჯვების გავლენით, Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 28%-ით გაიზარდა, საბაზრო კაპიტალიზაციამ კი, $1 ტრილიონს გადააჭარბა.

ინვესტორები იმედოვნებენ, რომ მასკის მჭიდრო კავშირები თეთრ სახლთან, ავტონომიური მართვის ავტომობილებისთვის რეგულაციების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესს უფრო მეტად დააჩქარებს.

მსგავსი სიახლეები