911 Dakar-ის წარმოება სარბოლო ავტომობილით სრულდება
Porsche მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოდელის, 911 Dakar-ის წარმოებას წყვეტს. Dakar-ის ხაზის ბოლო ავტომობილი, სპეციალური გამოშვების, რბოლით ინსპირირებული მოდელი იქნება.
საწარმოო ხაზის უკანასკნელი 911 Dakar-ი, 1984 წლის პარიზ-დაკარის რალის გამარჯვებული 911-ის პატივსაცემად შეიქმნა. ამ ავტომობილს, თავის დროზე, რენე მეტგე და დომინიკ დემოინი მართავდნენ. ეჭვგარეშეა, რომ ამ Dakar-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტი ექსტერიერი და ის საღებავია, რომელიც Rothmans-ის ავტომობილითაა შთაგონებული.
დიზაინერებმა მოდელისთვის Signal Yellow-ისა და Gentian Blue Metallic-ის ფერების კომბინაცია აირჩიეს. იმავე ფერშია შეღებილი ავტომობილის ბორბლები. Porsche-ს ინფორმაციით, მანქანის ძარა სრულად ხელითაა მოხატული. 911-ის სალონის უმეტესი ნაწილი შავი ტყავითა და ალკანტარითაა დამზადებული, შედარებით ნათელი ფერებით აქცენტი გაკეთებულია საჭეზე, კარის პანელსა და მონაცემთა დაფაზე.
გერმანულ ავტომწარმოებელს ახალი 911-ის ფასი არ გაუმჟღავნებია. თუმცა სავარაუდუდ, ეს სპეციალური გამოშვების მოდელი, სტანდარტულზე ($220 000) ძვირი უნდა ღირდეს. ამჟამად, ავტომობილის ხილვა ნებისმიერ მსურველს ბრენდის მუზეუმში შეუძლია, მანამ, სანამ Dakar-ის გასაღები მის ახალ მფლობელს არ გადაეცემა.
ცნობისთვის, სრული საწარმოო ხაზის განმავლობაში, Porsche-მ 911 Dakar-ის 2 500 ეგზემპლარი შექმნა. თითოეული მათგანი 3-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 437 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 911 Dakar-ის ხაზის მოდელები, 8-სიჩქარიანი PDK-გადაცემათა კოლოფის საშუალებით, სრულად ამძრავია.