ვალენსიის სტიქიას მართვის მოწმობის გამოცდის საკითხებში შეიტანენ
რამდენიმე კვირის წინ, ესპანეთის აღმოსავლეთს, კერძოდ კი ვალენსიის რეგიონს, დამანგრეველი სტიქია დაატყდა თავს. ძლიერ წვიმასა და ქარიშხალს რეგიონის 75-ზე მეტ ქალაქში წყალდიდობა მოყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ასობით პირი კი დაკარგულთა შორისაა.
წყალდიდობის შედეგად, ვალენსიაში დასახლებული პუნქტების ნაწილი დაიტბორა, ათასობით ავტომობილი კი წყალქვეშ აღმოჩნდა, ან დინებამ წაიღო. შექმნილმა სიტუაციამ, ესპანეთის მთავრობა წინასწარი ზომების გატარების აუცილებლობაში დაარწმუნა. სტიქიის სიმძიმიდან გამომდინარე, ესპანეთში მიიღეს გადაწყვეტილება, „დანას“ კატასტროფა მომავალში, ავტოსკოლებში სასწავლო საკითხებში შეიტანონ.
ესპანეთის პრემიერის განცხადებით, მძღოლებს სავალდებულო ტრენინგები ჩაუტარდებათ. მძღოლები და მომავალი მძღოლები, მსგავსი შემთხვევებისთვის, გადამზადებას ესპანეთის ავტოსკოლებში გაივლიან და შეისწავლიან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ბუნებრივი კატასტროფებისას.
რაც შეეხება მართვის გამოცდების საკითხებში „დანას“ სტიქიის დამატებას:
ამ ეტაპზე, აღმასრულებელი ხელისუფლება, გამოცდის საკითხებში, „დანას“ ტიპის სიტუაციებთან დაკავშირებული კითხვების შეტანას განიხილავს. პარალელურად მძღოლები გადიან ტრენინგს ყოველდღიურ სიტუაციებზე, მათ შორის წვიმისა და თოვლის დროს ქუჩებში უსაფრთხო გადაადგილებაზე. თუმცა ამ ტრენინგების დროსაც გამოჩნდა, რომ უფრო მძიმე ფორმის სტიქიური უბედურებისას მძღოლების დიდი ნაწილი იბნევა და არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს.
Europa Press-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, ესპანეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო სიტუაციებზე სპეციალურ მოდულს შეიმუშავებს, რომელშიც მძღოლების ზოგად რეგლამენტში ჩაიწერება.
ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, დეპარტამენტი მძღოლებს კონკრეტულ მითითებებს აძლევს და სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. დეპარტამენტის განცხადება მოიცავს შემდეგ რეკომენდაციებსაც:
პირველი მითითებაა სიფრთხილე: საწყისი ვარიანტი ყოველთვის უნდა იყოს რისკების თავიდან აცილება. დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს არ გადაკვეთონ წყლის აუზი, რადგან არ იციან, რა მდგომარეობაშია გზის ზედაპირი ამ ეტაპზე.
ავტომობილზე კონტროლის დაკარგვა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ მანქანის საბურავების ნახევარი წყალში მოექცევა. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მართვა ვერ ხერხდება, დეპარტამენტი მოსახლეობას ფანჯრის საშუალებით მანქანის დატოვებას ურჩევს. ხოლო თუ მანქანიდან გადასვლა სიცოცხლისთვის სახიფათოა, მაშინ უმჯობესია მძღოლი ავტომობილის სახურავზე დარჩეს, რაც სამაშველო სამსახურს მის პოვნას გაუმარტივებს.