eBay-ზე მოდერნიზებული Plymouth Barracuda იყიდება
ამ ავტომობილს ლანდო ნორისის ხელმოწერაც აქვს.
eBay-ზე 1973 წლის მოდერნიზებული Plymouth Barracuda გასაყიდად გამოჩნდა. სწორედ ის ეგზემპლარი, რომელსაც ხელს „ფორმულა 1“-ის პილოტი, ლანდო ნორისი აწერს. საინტერესოა, რომ eBay-ზე გამოტანილი მოდელი ამჯერად ნარინჯისფერია, თუმცა განახლებებამდე ის ვერცხლისფერი იყო, მის დიზაინს კი გამორჩეულ ელფერს AAR-ის სტილის შავი ზოლები და წითელი ცხაურა მატებდა.
ავტომობილის კაპოტქვეშ 5.6-ლიტრიანი V8 ძრავაა მოთავსებული. დამატებით ავტომობილი 4-კამერიანი კარბურატორითა და Torqueflite-ის ავტომატური ტრანსმისიითაა აღჭურვილი. მოდელი ქარხნულად 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
F1-ის გუნდ McLaren-ის პატივსაცემად, ამჟამად ეს ავტომობილი ნარინჯისფერია. Plymouth Barracuda-ში შეცვლილია დისკები და საბურავებიც, ასევე ავტომობილის გამონაბოლქვი სისტემაც. ავტომობილში შეცვლილია ინტერიერიც, მათ შორის სავარძლები, ხის საჭეც დამატებულია .
ამერიკის გრან-პრის დაწყებამდე, 1973 წლის Plymouth Barracuda-ს საჭესთან McLaren-ის პილოტი ლანდო ნორისი აღმოჩნდა. Circuit of the Americas-ს ფარგლებში, ავტომობილის მართვასთან ერთად, ლანდომ მოდელზე ხელმოწერაც დატოვა.
ახლა კი, ეს მოდელი, ლანდოს ხელმოწერით eBay-ზე იყიდება. მანქანა eBay x McLaren F1 Team Garage-შია წარმოდგენილი, სადაც მსურველებს მისი ხილვის საშუალებაც აქვთ. მანქანის ნახვასთან ერთად კი საბურავების, დისკებისა და საჭის ვერსიებისთვის ხმის მიცემაც შეეძლებათ - რის შემდეგაც, შედეგების მიხედვით, გუნდი მოდელს მოდიფიცირებას დაუსრულებს.
აუქციონი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქალ ინჟინერთა საზოგადოებას“ გადაეცემა.