უიშვიათესი AMG 560SEC Widebody აუქციონზე იყიდება
Mercedes-Benz-თან გაერთიანებამდე AMG დამოუკიდებელი ბრენდი იყო და მაღალი ხარისხის მოდელებსაც ქმნიდა. AMG-ის სახელის ქვეშ შექმნილ საუკეთესო ავტომობილებს შორისაა 560SEC-იც, რომელიც ამავდროულად მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელია.
AMG-მ 6.0 Widebody Coupe-ის მხოლოდ 50-მდე ეგზემპლარი შექმნა. ეს კონკრეტული მოდელი ახლა აუქციონზეა გამოტანილი. 1989 წლის AMG 560SEC 2016 წლამდე იაპონიაში, შემდგომ კი გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრიაში ინახებოდა. მოგვიანებით შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა და ავტომოყვარულთა დიდი დაინტერესებაც დაიმსახურა.
Bring a Trailer-ის ინფორმაციით, მანქანა ქარხნულად ლურჯ და შავ ფერებში იყო, სანამ მას ახალი მფლობელი გადაღებავდა. მიუხედავად ასაკისა, მოდელი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ავტომობილი ქარხნული OZ Racing-ის დისკებითაა აღჭურვილი, რომლებიც Continental ExtremeContact Sport 02-ის საბურავებშია გახვეული. ქარხნის დატოვების შემდეგ, ამ მოდელს დაახლოებით 90 000 კილომეტრი აქვს დაფარული.
AMG-ის უიშვიათესი მოდელი 6-ლიტრიანი, ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი. გამოშვების დროისთვის, 560SEC Widebody 385 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამასთან ერთად ავტომობილი 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, რომელიც ძრავის სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს.
ამ ავტომობილის ინტერიერი იმის დასტურია, თუ რამდენად წინ იყვნენ გერმანული ინჟინრები დანარჩენი სამყაროსგან 1980-იან წლებში. ავტომობილში Recaro-ს სითბოს მარეგულირებელ სავარძლებს, ავტომატურ კლიმატკონტროლსა და ტყავის Momo საჭეს ვხვდებით.
Bring a Trailer-ზე AMG-ის უიშვიათესი მოდელის შესაძენად აუქციონი უკვე დაწყებულია. ამ ეტაპისთვის, 560SEC Widebody-ის ღირებულებამ $350 000-ს უკვე გადააჭარბა და ალბათ, დარჩენილ რამდენიმე დღეში კიდევ უფრო გაიზრდება.