Ford-ი ევროპაში 4 000 დასაქმებულს გაათავისუფლებს
Aa
Aa

Ford-ი ევროპაში 4 000 დასაქმებულს გაათავისუფლებს

Ford-მა, ევროპის მასშტაბით, კომპანიის სამუშაო ძალის 14%-ით შემცირება დააანონსა. ამერიკულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვეტილების მიზეზად წარმოების გაზრდილი ხარჯები, ელექტრომობილებზე სუსტი მოთხოვნა და ბაზარზე მზარდი კონკურენცია დაასახელა. არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, Ford-ი მთავრობის მხრიდან, ელექტრომობილებზე გადასვლაზე მხარდაჭერის ნაკლებობასაც შეეხო. 

Ford-მდე ბაზარზე ჩინური კომპანიების მზარდი კონკურენციიდან გამომდინარე, ხარჯების შემცირება რამდენიმე სხვა ამერიკულმა ავტომწარმოებელმაც დააანონსა, მათ შორის იყო Nissan, Stellantis და GM. საქმე იმაშია, რომ ჩინური კომპანიები ევროპულ ბაზარზე ბევრად დაბალფასიანი ელექტრომობილებით შემოდიან - ვიდრე მათი ევროპული და ამერიკული კონკურენტები - რაც ჩინურ EV-ებზე მოთხოვნას ზრდის, ხოლო დანარჩენი ნაწილისთვის გაყიდვებს ამცირებს. შიდაწარმოების დაწყებისთვის, გარკვეული შეზღუდვები დაააწესა ევროკავშირმაც. ორგანიზაცია ჩინურ კომპანიებს გაზრდილი ტარიფებით ებრძვის. 

Ford-ი სამუშაო ძალის შემცირებას თავდაპირველად გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში დაიწყებს. გლობალურად, კომპანიის დასაქმებულთა შორის 174 000 პირი ირიცხება. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, კომპანია გლობალური სამუშაო ძალის 2.3%-ს ამცირებს. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიაში ქარხნების დახურვის გადაწყვეტილება Volkswagen-მაც მიიღო. გერმანულმა ავტომწარმოებელმაც მიზეზად ჩინური კომპანიების ზრდა და წარმოების მაღალი ხარჯები დაასახელა. საინტერესოა, რომ Volkswagen-მა გერმანიაში საწარმოო ქარხანა თავის ისტორიაში პირველად დახურა. 

ამ ყველაფერს ემატება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რის შედეგადაც დასავლეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს. საქმეს ამძიმებს რეგულაციებიც, რომლებსაც ევროკავშირი 2035 წლისთვის ელექტრომობილებზე აწესებს. 

მსგავსი სიახლეები