კენდრიკ ლამარის ახალი ამბომი: Buick Regal GNX
კენდრიკ ლამარის ახალი ალბომი, სახელწოდებით GNX, ერთნაირად იპყრობს როგორც მუსიკის, ასევე მანქანების მოყვარულების ყურადღებას. ალბომის სახელწოდება ყველა ავტომობილების ენთუზიასტისთვის ცნობილი Buick GNX-ის სიმბოლოა – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და გამორჩეული ავტომობილი 1980-იანი წლებიდან.
რეპერი GNX-ის მნიშვნელობაზე ყურადღებას თავადაც ამახვილებს, იმავე სახელწოდებისაა ალბომში შემავალი მე-12 სიმღერაც. ხოლო YouTube-არხზე, თითოეული ტრეკის ქავერად სწორედ 1987 წლის შავი Buick GNX-ია წარმოდგენილი, რომელსაც ალბომის მცირე ვიდეოთიზერშიც ვხვდებით.
ჰიპ-ჰოპისა და ავტომობილების კავშირი შეიძლება სტერეოტიპულად ჩანდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე უფრო პირადული შინაარსის მატარებელია. Complex-ის ცნობით, ლამარმა იდეალურ მდგომარეობაში მყოფი GNX ამ წლის დასაწყისში შეიძინა. ეს ავტომობილი განსაკუთრებულად ძვირფასია Grammy-ის მფლობელი არტისტისთვის, რადგან მამამისიც მსგავს, Buick Regal-ს ფლობდა.
კენდრიკი სწორედ 1987 წლის Buick Regal-ით მიიყვანეს სამშობიაროდან სახლში. თუმცა, მამამისის მანქანა GNX-ის სტანდარტული ვერსია იყო, მაშინ როცა GNX–ი სიმძლავრისა და წარმადობის მხრივ იმ დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელი გახლდათ. ავტომობილი 3.8-ლიტრიანი ტურბოძრავით იყო აღჭურვილი, 276 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 0-დან 100 კმ/სთ-ს 5 წამზე ნაკლებ დროში აღწევდა.
GNX იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო. მოდელის მხოლოდ 547 ეგზემპლარი დამზადდა, და დღეს მისი ღირებულება 100,000 დოლარს აღემატება.