Hyundai-მ შესაძლოა GM-ის პიკაპები საკუთარი ლოგოთი გამოუშვას
გასულ სექტემბერს Hyundai-მა და General Motors-მა (GM) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმების სრულფასოვან პარტნიორობად ქცევის შემთხვევაში, კომპანიები ავტომობილების წარმოებასა და განვითარებას ერთობლივად დაიწყებენ. სამხრეთკორეული გამოცემის ინფორმაციით, Hyundai შესაძლოა GM-ის პიკაპებს საკუთარი ლოგოთი გამოუშვას და პირიქით. გარდა ამისა, კომპანიები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისთვის, ახალი პიკაპების წარმოებასაც განიხილავენ.
Hyundai-ის თავმჯდომარე, იუსუნ ჩუნგი, ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის ესტუმრა, სადაც GM-ის გენერალურ დირექტორ მერი ბარას შეხვდა. მათი შეხვედრა ადასტურებს, რომ კომპანიებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
GM პიკაპების წარმოების მიმართულებით დიდი გამოცდილებით გამოირჩევა, Hyundai-ს კი პორტფოლიოში მხოლოდ რამდენიმე მოდელი ჰყავს, როგორიცაა მაგალითად, unibody-ს სტრუქტურის მიხედვით შექმნილი Santa Cruz-ი. თუ გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტია, მაშინ Hyundai-ს „H“ სიმბოლო შესაძლოა Colorado-ს, Silverado-ს, Montana-ს, Canyon-ს ან Sierra-ს პიკაპებზე ვიხილოთ. ამ ეტაპზე უცნობია, გამოჩნდება თუ არა GM-ის ბაზაზე დამზადებული Hyundai-ს პიკაპები იმ ბაზრებზე, სადაც Chevy და GMC უკვე არიან.
თანამშრომლობა ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიცაა ავტომობილების წარმოების მაღალი ხარჯები და ტექნოლოგიური განვითარება, ორივე კომპანიისთვის ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ასეთი პარტნიორობა კომპანიებს წარმოების დაჩქარებისა და ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს. თეორიულად, ეს მოგებიანია ორივე მხარისთვის, თუმცა წარსული გამოცდილება გვასწავლის, რომ ყველფერი, ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის.
Hyundai-სა და GM-ის პარტნიორობა ავტომოყვარულებისთვის საინტერესო მოვლენად შეიძლება იქცეს. მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზარზე შესაძლოა ახალი მოდელები ვიხილოთ, რაც ინდუსტრიაში უფრო მეტ მრავალფეროვნებასაც შემოიტანს.