ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, მაქს ფერსტაპენი, ჯორჯ რასელი, შარლ ლეკლერი, მერსედესი, ფერარი, მაკლარენი, რედ ბული
Aa
Aa

მაქს ფერსტაპენი F1-ის მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ნიდერლანდელი პილოტი მაქს ფერსტაპენი, უკვე მეოთხედ, „ფორმულა 1“-ის ჩემპიონია. Red Bull-ის პირველმა ნომერმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ნაადრევად, 2024 წლის სეზონის დასრულებამდე გაიფორმა. ფერსტაპენმა გასულ უიკენდზე, ლას-ვეგასის გრანპრიზე, მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ლას-ვეგასის გრან-პრიზე ორმაგი პოდიუმი Mercedes-ის პილოტებმა აიღეს. ბრიტანელმა ჯორჯ რასელმა რბოლა პირველ, ხოლო ლუის ჰამილტონმა მეორე პოზიციაზე დაასრულა. ამ უკანასკნელმა შეჯიბრი მეათე პოზიციიდან დაიწყო. მესამე ადგილს Ferrari-ის რიგით მეორე პილოტი, კარლოს საინსი დასჯერდა.

ლას-ვეგასის გრანპრიზე მეხუთე პოზიციით, Red Bull-ის ნიდერლანდელი პილოტი საერთო რეიტინგში 403 ქულას ფლობს. McLaren-ის ლანდო ნორისი კი, 340 ქულას, რაც ნიშნავს რომ ბრიტანელი ფერსტაპენის გადასწრებას ვეღარ შეძლებს. ამ მონაცემებით, მესამე ადგილზე Ferrari-დან ჩარლზ ლეკლერია, მეოთხეზე McLaren-ის ოსკარ პიასტრი, ხოლო ხუთეულს Ferrari-ის მეორე პილოტი, კარლოს საინსი ასრულებს.

გასული გრან-პრის ტრიუმფატორები, Mercedes-ის ბრიტანელი პილოტები კი, მეექვსე და მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ - შესაბამისად, 217 და 208 ქულებით. უნდა ითქვას ისიც, რომ ჰამილტონს, მომდევნო სეზონიდან Mercedes-ში აღარ ვიხილავთ და ის  Ferrari-ში შარლ ლეკლერს შეუერთდება.

ბევრად საინტერესო ვითარებაა კონსტრუქტორთა თასზე. ფერსტაპენის ჩემპიონობის მიუხედავად, Red Bull-ი კონსტრუქტორთა დაპირისპირებაში მხოლოდ მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი და 555 ქულა აქვს. პირველ და მეორე პოზიციებს McLaren-ი და Ferrari ინაწილებენ - 608 და 584 ქულით. Mercedes-ი მეოთხე ადგილზეა, Aston Martin-ი მეხუთეზე.

„ფორმულა 1“-ის 2024 წლის სეზონი 8 დეკემბერს დასრულდება. ბოლო დაპირისპირება აბუ-დაბიში ჩატარდება, რის შემდეგაც ჩემპიონატი ახალი სეზონითა და გუნდების შეცვლილი შემადგენლობებით, უკვე 2025 წლის მარტში განახლდება.

მსგავსი სიახლეები