Northvolt-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა
ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელმა შვედურმა კომპანია Northvolt-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი წარადგინა. კომპანიამ განაცხადი Chapter 11-ის ფორმით შეიტანა, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაცია მის ფინანსურ მდგომარეობას აღიარებს, მაგრამ მოვლენების გამოსწორების იმედით, ოპერირებას განაგრძობს.
Chapter 11 ამერიკის შეერთებულ შტატებში საბანკო რეაბილიტაციის პროცესია და გამოიყენება კომპანიებისთვის, რომლებიც ფინანსური სირთულეების წინაშე დგანან, მაგრამ თვლიან, რომ საქმიანობის გაგრძელება შეუძლიათ. ამ დროს კომპანია დროებით დაცვას იღებს კრედიტორებისაგან, რაც მას დროს აძლევს არსებული სიტუაციის შესასწავლად, საჭიროების შემთხვევაში კაპიტალის მოსაძიებლად და ვალდებულებებზე განახლებული პირობების მისაღწევად.
Northvolt-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროპას, რომელიც ევროპაში ჩინურ კონკურენტებზე დამოკიდებულების შესამცირებლად იმედებს, სწორედ შვედურ კომპანიაზე ამყარებდა. თუმცა Northvolt-ის განცხადებით, კომპანიას ოპერაციების შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი კვირის ფინანსური რესურსი აქვს. მიუხედავად გაკოტრების განცხადებისა, კომპანია ოპერაციების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას გეგმავს. დაუყოვნებლივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, Northvolt-მა დაფინანსების ახალ რაუნდში $100 მილიონის მოზიდვა მოახერხა.
„კომპანიის ანგარიშზე $30 მილიონია, რაც მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში იქნება საკმარისი ოპერაციების შესანარჩუნებლად. ამასთან, Northvolt-ს $5.8 მილიარდის ვალდებულებები აქვს“, - ნათქვამია, ჰიუსტონის სასამართლოში შეტანილ გაკოტრების შესახებ განაცხადში.
კომპანია, რომელიც მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში 6 600 ადამიანს ასაქმებს, რესტრუქტურიზაციის პროცესის 2025 წლის პირველ კვარტალში დასრულებას გეგმავს. Northvolt-მა ბოლო თვეებში წამყვანი პოზიციები დაკარგა, რაც წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევების, ფინანსების ნაკლებობისა და მსხვილი კლიენტების დაკარგვის მიზეზით აიხსნება. ევროპას იმედი ჰქონდა, რომ სწორედ Northvolt-ის დახმარებით შეძლებდა დამოკიდებულების შემცირებას ისეთ ჩინურ კომპანიებზე, როგორებიცაა CATL-ი და BYD.
Northvolt-ის უმსხვილესი აქციონერი, Volkswagen-ი, რომელიც კომპანიის 21%-ს ფლობს, აცხადებს, რომ მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს და შვედურ კომპანიასთან მუდმივ კავშირია. თუმცა ავტომწარმოებელი დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს. მდგომარეობას Volkswagen-ში არსებული კრიზისიც ამძაფრებს, რის გამოც, კომპანიამ გერმანიაში რამდენიმე ქარხანა დახურა.
ფაქტია, Northvolt-ის კრიზისი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მოცემულობას, რაც ევროპის ბაზარზე ჩინური კომპანების ზრდის შედეგად მივიღეთ. ევროკავშირი შიდა წარმოების დასაცავად ზომებს იღებს, თუმცა საავტომობილო ინდუსტრიაში არსებულ კომპანიებს, თავის გადასარჩენად, ხარჯების შემცირება და სხვა რადიკალური ზომების მიღება უწევთ.