Porsche: ახალ ელექტრომობილებს შესაძლოა ბენზინის ძრავა ჰქონდეთ
Porsche-ში მიხვდნენ, რომ საზოგადოებას კვლავ ბენზინზე მომუშავე ავტომობილები სურს და ისიც აღიარეს, რომ ელექტრომობილებზე გადასვლა გეგმის მიხედვით არ მიდის. სრულად ელექტრო Taycan-ის გაყიდვები 2024 წლის მესამე კვარტალში, გლობალურად, 50%-ით შემცირდა, რაც ავტომწარმოებელს ცვლილებებისკენაც უბიძგებს.
გერმანული ავტომწარმოებლის მთავარი ფინანსური დირექტორის განცხადება Automotive News Europe-მა გამოაქვეყნა. ლუც მეშკეს თქმით, ახალი გეგმა შიგა წვის ძრავების ინვესტიციების გაგრძელებას ითვალისწინებს. მისივე ინფორმაციით, ბენზინზე მომუშავე ძრავები Cayenne-სა და Panamera-ს მოდელებისთვის შემუშავდება.
ამ განცხადებამდე, Porsche-მ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოებაში V8 ძრავების შენარჩუნებაც დააანონსა. თუმცა ამ შემთხვევაში, კომპანიის ფინანსური დირექტორი უფრო შორს წავიდა და შემდეგი თაობის ელექტრომობილებში, წვის ძრავების გამოყენების შესაძლებლობაზეც დაიწყო საუბარი:
„განვიხილავთ, რომ სრულად ელექტრო ავტომობილებს, ჰიბრიდული ან წვის ძრავა ჰქონდეთ. ამჟამად კონცეპტუალური გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე ვართ. თუმცა ერთი რამ ცხადია - წვის ძრავებს გაცილებით დიდხანს შევინარჩუნებთ“.
ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. თანაც თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ახალი მოდელები, სავარაუდოდ, სპეციალურად ელექტრომობილებისთვის შემუშავებულ პლატფორმაზე შეიქმნება. საინტერესოა ისიც, რომ ელექტრომობილებზე საუბრისას, მეშკეს უშუალოდ შიგა წვის ძრავის მქონე ტრადიციული ავტომობილების მომავალზე კომენტარი არ გაუკეთებია. რთული სათქმელია, რომელ მოდელებში ვიხილავთ სამომავლოდ ბენზინზე მომუშავე ძრავებს, თუმცა ამის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი K1-ია.
რაც შეეხება 718-ის მომავალს, Porsche ამ მოდელის შემთხვევაში მაინც ელექტროვერსიებს უფრო ემხრობა, Macan-ის შემდეგი თაობა კი უკვე მხოლოდ ელექტროა. 911-თან დაკავშირებული გეგმები შედარებით განსხვავებულია. Porsche სრულად ელექტრო 911-ის გამოშვებას ათწლეულის ბოლომდე არ აპირებს, თუმცა ელექტრიფიკაციის პროცესი, ახალი ჰიბრიდული GTS-ით, უკვე დაწყებულია.