დასასრულის დასაწყისი? Volkswagen-ი ჩინეთში ქარხანას ყიდის
კომპანიის გადარჩენის მიზნით, ხარჯების შესამცირებლად, Volkswagen-ი რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს. რამდენიმე კვირის წინ, ავტომწარმოებელმა გერმანიაში ქარხნების დახურვა და სამუშაო ძალის შემცირება დააანონსა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი გადაწყვეტილება, გერმანიის გარეთ არსებულ ობიექტებსაც შეეხება.
Volkswagen-ის განცხადებით, ჩინეთში კომპანია ქარხანასთან ერთად, ორ სატესტო ტრასასაც ყიდის. ობიექტი, რომელსაც VW-ი SAIC-თან პარტნიორობით ამუშავებს, ჩინეთში, სინძიანის რეგიონში მდებარეობს. გადაწყვეტილება არ შეეხება ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლამდე 18 ახალი მოდელის გამოშვება იგეგმება.
წარმოების გაძლიერებასთან ერთად, Volkswagen-სა და SAIC-ს შორის პარტნიორობა 2040 წლამდე გახანგრძლივდა. პირველ ორ მოდელს, ორივეს ელექტროს, 2026 წლის დასაწყისში ვიხილავთ.
სინძიანის რეგიონში ქარხნის გაყიდვა, წლების განმავლობაში, კომპანიაზე არსებული გარე ზეწოლის შედეგია. საქმე იმაშია, რომ სინძიანში, უიღურები ცხოვრობენ, თურქულენოვანი ხალხი, რომელთა მიმართ სასტიკ მოპყრობაში, ჩინეთს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვეყანა ადანაშაულებს. უიღურების შემთხვევაში, ხშირია უფლებების დარღვევის, მათ შორის შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები. თუმცა მსგავს ფაქტებს უარყოფს, როგორც ჩინეთი, ასევე Volkswagen-იც.
ამ კვირის დასაწყისში, VW-ის ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას შეფერმა განაცხადა, რომ მიზნების მიღწევას, გერმანიაში სულ მცირე ერთი ქარხნის დახურვის გარეშე ვერ შეძლებდნენ. სავარაუდოდ, კომპანიას თანამშრომელთა დათხოვნაც მოუწევს.