BMW-მ Need for Speed-ის ლეგენდარული მოდელი გააცოცხლა
Need for Speed-ი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ცნობილი თამაშის პირველი სერია 1994 წელს ვიხილეთ, უახლესი ვერსია კი მიმდინარე წლის დეკემბერში გაეშვება. როგორც ჩანს, წლების გასვლასთან ერთად, ფრენჩაიზში ნოსტალგიური განწყობები იმატებს და წლევანდელი გამოშვებაც ამის დასტურია. თამაშის უახლესი, Volume 9 გამოშვება, მოთამაშეების ერთ-ერთი საყვარელი ნაწილით, 2005 წლის Need for Speed: Most Wanted-ითაა შთაგონებული.
ბევრი გულშემატკივრისთვის, თამაშის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე გამორჩეულ მოდელად Most Wanted-ის E46 BMW M3 GTR-ი რჩება. ვერცხლისფერი და ლურჯი ფერების კუპემ, აშკარად უფრო მეტი გააკეთა რეალური M3 GTR-ისთვის დიდების მოსატანად, ვიდრე სხვა ნებისმიერმა მოდელმა. E46-ის ეს ვერსია GT-ის რბოლისთვის შეიქმნა და V8 ძრავით იყო აღჭურვილი.
მისმა რეალურმა ანალოგმა, M3 GTR-მა, ავტოსპორტში მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა, თუმცა ვირტუალურმა ვერსიამ, BMW-ის ენთუზიასტებისთვის, კულტურული მნიშვნელობა შეიძინა.
Need for Speed-ის 30 წლის იუბილეს თავზე, გერმანულმა ავტომწარმოებელმა ამ საკულტო მოდელის რეალური ასლი შექმნა. ის ამჟამად მიუნხენში, BMW Welt-შია განთავსებული. გამოფენა 2024 წლის 27 ნოემბრიდან 2025 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდება, რაც მიუნხენში, საშობაო ბაზრის პერიოდს ემთხვევა. ამ პერიოდში, ავტომობილის ხილვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება.
ცნობისთვის, ამ მოდელის რეალური ასლები ჩვენ ადრეც გვინახავს. მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, სადაც კუპეს რამდენიმე ვერსია შექმნეს, თუმცა ისინი, გასულ წელს, ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდნენ. თუმცა, რეალურად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეალური ვერსიის დასამზადებლად ორიგინალი M3 GTR-ი გამოიყენეს და ის, ტრადიციულ, ცისფერ და ვერცხლისფერ ფერში გადაღებეს.