AC Schnitzer-მა პოლიციის ეკიპაჟისთვის BMW M2 გაამზადა
მოდიფიცირებული BMW M2 გზატკეცილზე პოტენციურ კრიმინალებს შიშის ზარს დასცემს!
მოდიფიცირებული ავტომობილები და კანონები ერთმანეთთან რომ არ იკვეთებიან ეს ყველამ კარგად იცის. თუმცა, უცხოეთში არსებობს კამპანია სახელწოდებით - Tune it! Safe! - რაც ქართულად და ცუდი თარგმანით „მოდიფიცირებას“ და „უსაფრთხოებას“ ნიშნავს. CrystalAuto-ს მკითხველებს ამ კამპანიის ფარგლებში შექმნილი პოლიციის მანქანები უნდა ახსოვდეს. ერთ-ერთი ასეთი მანქანა Brabus CLS Rocket-ია.
წამოწყებაში AC Schnitzer-ი კიდევ ერთხელ გამოირჩა და ამჯერად BMW M2 გაამზადა. მოდელს აეროდინამიკა, კონსტრუქცია და მონაცემები გაუუმჯობესეს. კორპუსი კი პოლიციის ფერებში მორთეს და ფანრებით დაამშვენეს. მოდიფიცირებული M2 თავისი ვერცხლისფერი, ლურჯი და ყვითელი გაფორმებებით, სახურავზე დამაგრებული სირენით ყველას ყურადღებას მიიქცევს. ამას ემატება კარბონისგან დამზადებული კორპუსის დეტალები, რაც წინა ტუჩს, ფარფლებს, გვერდითა ლარტყებსა და უზარმაზარ ფრთას მოიცავს.
M2 Polizei AC Schnitzer-ის AC4 ტიპის ნაწრთობ დისკებზე დგას. მათი ზომა წინ 20, ხოლო უკან 21 დუიმია. მეტი სტაბილურობისთვის, ტუნინგ ატელიემ დაკიდების სისტემად AC Schnitzer RS-ი შეარჩია. ეს უკანასკნელი მოდელს მიწასთან 25-35 მმ-ით აახლოებს. რეგულირებადია სიხისტეც.
ყველა ამ მოდიფიცირების შემდეგ რა თქმა უნდა გაზარდეს მანქანის მონაცემებიც. 2-ტურბინიანი 3.0 ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა ახლა 553 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, რაც სტანდარტულ მოდელზე 100 ცხენის ძალითა და 100 ნმ-ით მეტია. ეს შედეგი სპორტული გამშვები სისტემისა და ძრავის კომპიუტერის გადაპროგრამების დამსახურებაა.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანა თავისი საქმიანობის შესასრულებლად სრულად მზად არის, მის გზებზე ხილვას არ უნდა ველოდოთ. ის მხოლოდ კამპანიისთვის და დემონსტრაციისთვის გახლავთ შექმნილი. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მაგარი რამეა!