ბერნი ეკლსტოუნი F1-ის სარბოლო მანქანების კოლექციას ყიდის
F1-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრან-პრებისა და F1-ის ისტორიული ავტომობილებისგან შემდგარ კოლექციას ყიდის, რომლის ღირებულებაც $100 მილიონზე მეტია.
ბრიტანელი ბიზნესმაგნატი ბერნი ეკლსტოუნი თავის კოლექციას ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. როგორც ცნობილია, ეკლსტოუნის საკუთრებაში გრან-პრისა და F1-ის მანქანების მსოფლიოში საუკეთესო კოლექციაა. ზოგიერთ ავტომობილს მილიარდერი ნახევარ საუკუნეზე მეტია ფლობს.
მილიარდერი ბერნი ეკლსტოუნი „ფორმულა 1-ის" ყოფილი ხელმძღვანელია, რომელსაც გასულ წელს, თაღლითობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. მაშინ ეკლსტოუნმა დანაშაული აღიარა და ბრიტანეთის საგადასახადო სააგენტოსთან მიღწეული შეთანხმებით $800 მილიონზე მეტის გადახდა დაეკისრა.
„ფორმულა 1-ის" ყოფილი ხელმძღვანელის კოლექციაში 69 ავტომობილია, მათ შორის 30 ერთეული Brabham-ი, რომლის F1 გუნდს ეკლსტოუნი 1972-დან 1988 წლამდე ფლობდა. კოლექციონერი მათ მიერ შექმნილი ავტომობილების, სულ მცირე, ერთ ეგზემპლარს მაინც ფლობს. ეს მოიცავს 1981 წლის მოდელს, რომელსაც ნელსონ პიკე მართავდა და Brabham BT46B Fan Car-ს, რომლის საჭესთანაც 1978 წლის შვედეთის გრან-პრიზე ნიკი ლაუდა ვიხილეთ.
ეკლსტოუნის კოლექციაშია 17 საკულტო Ferrari, მათ შორის Dino 2460. 94 წლის მილიარდერის საკუთრებაშია Ferrari 375 F1 - პირველი Ferrari, რომელმაც F1-ის რბოლაში გამარჯვება მოიპოვა და 2002 წლის Ferrari F2002, რომელსაც მიხაელ შუმახერი მართავდა.
„ამ ავტომობილებს 50 წელზე მეტია ვაგროვებ და თითოეული მათგანის საუკეთესო ვერსია მაქვს შეძენილი. მაშინ, როდესაც ბევრ კოლექციონერს სპორტული მანქანების ინტერესი აქვს, მე ყოველთვის გრან-პრისა და F1-ის მოდელები მიზიდავდა. თითოეულ მათგანს გამორჩეული სარბოლო ისტორია აქვს და ისინი, ხელოვნების ნიმუშებია. მე ყველა ჩემი მანქანა მიყვარს, თუმცა დავიწყე ფიქრი, თუ რა მოუვათ მათ, როდესაც აღარ ვიქნები. ამიტომ, ამდენი წლის შემდეგ, მათი გაყიდვა მაინც გადავწყვიტე“.