დაბალი გარბენის E39: საუკეთესო BMW M ენთუზიასტებისთვის
ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, გერმანული ავტომწარმოებელი ენთუზიასტებს M5-ების საკულტო მოდელებით ანებივრებდა. თუმცა, ალბათ ცოტამ თუ გაუძლო დროის გასვლას ისე, როგორც ეს E39-ის თაობამ მოახერხა. მოდელი 1998-2003 წლებში იწარმოებოდა და პირველი M5 იყო, რომელშიც BMW-იმ V8 ძრავა განათავსა.
E39-ის თაობის ავტომობილების უმეტესობა დღესაც ისე კარგად გამოიყურება, როგორც 25 წლის წინ. მაგრამ, დაბალი გარბენის მქონე, იდეალურ მდგომარეობაში მყოფი E39-ის პოვნა, მარტივი საქმე აღარაა. ამის მიუხედავად, საკმაოდ იშვიათად, მსგავსი მოდელები გასაყიდად მაინც გვხვდება. ამის დასტურია ეს E39 M5, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, Bring a Trailer-ის აუქციონზე იყიდება.
Bring a Trailer-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, E39 M5-ს მხოლოდ 29 000 კილომეტრი აქვს გავლილი. ამჟამინდელი მფლობელი ავტომობილს ინსტრუქციითა და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერებთან ერთად ყიდის. გარეგნულად მანქანა იდეალურად გამოიყურება, Carbon Black Metallic-ის ფერშია შეღებილი და 18-ინჩიან ბორბლებზე დგას, რომელიც Michelin Pilot Sport All Season 4-ის საბურავებშია გახვეული. ავტომობილმა ქარხანა 2003 წელს დატოვა.
რაც შეეხება ინტერიერს: სავარძლებს Caramel Nappa Heritage-ის ტყავი აქვს გადაკრული, დარჩენილი ნაწილი კი - საჭის ჩათვლით - შავი ტყავითაა დაფარული. ინტერიერის დიზაინი თავსებადია იმ ეპოქასთან, რა დროსაც ეს მოდელი აშენდა.
BMW E39 M5-ის კაპოტქვეშ ატმოსფერული 4.9-ლიტრიანი V8 ძრავაა მოთავსებული. ავტომობილი 394 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონ მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები თითქოს არაფერია ახალი ჰიბრიდული M5-ის 717 ცხ.ძ-სთან შედარებით, E39-ს აქვს ის, რაც ახალ მანქანას არ გააჩნია: 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რაც მართვის გამოცდილებას ავტოენთუზიასტებისთვის დაუვიწყარ მოგზაურობად აქცევს.