Ferrari Portofino-ს გამაფრთხილებელი საგზაო ინციდენტი
მიუხედავად მისი დახვეწილი დიზაინისა და შთამბეჭდავი შესრულებისა, Ferrari Portofino ცნობილი იტალიური ავტომწარმოებლის ყველაზე პატივსაცემი მოდელი არასდროს ყოფილა. თუმცა, ბოლო ინციდენტი, რომელიც ამ მოდელის მონაწილეობით კალიფორნიაში მოხდა, კიდევ ერთი შემახსენებელია იმის, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ავტომობილის უყურადღებოდ მართვას.
გავრცელებული ინფორმაციით, Portofino-ს მძღოლი შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მძღოლმა მანქანის მობრუნება სცადა, რა დროსაც საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და რიჩარდსონის ყურეში გადავარდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა Ferrari თითქმის სრულად განადგურდა.
View this post on Instagram
შეჯახებისა და წყალში გადავარდნის შედეგად, ავტომობილის კორპუსი მთლიანად დაზიანებულია. განსაკუთრებული ზიანი მიადგა Ferrari-ის წინა ნაწილს, მანქანას მოწყვეტილი აქვს ბორბალი და მორგვი. Portofino-ს შეკეთება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება და ავტომობილი, ნაწილებად, უკვე აუქციონზე გაიყიდება.
კატასტროფის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. Instagram-ზე განთავსებულ ვიდეოს, „ხუმრობით“, ცნობილი სიმღერა - I Believe I Can Fly ადევს, რაც ამ შემთხვევას კიდევ უფრო მეტ აბსურდულობას მატებს. ბევრი ხუმრობდა, რომ Portofino-ს ფრენა კი არა, თურმე ცურვაც კი არ შეუძლია.
ამის მიუხედავად, ეს შემთხვევა ერთგვარი გამაფრთხილებელია მათთვის, ვინც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გადაწყვეტილებას იღებს. Ferrari გზებისთვისაა შექმნილი და არა წყლისთვის და მითუმეტეს არაფხიზელ მდგომარეობაში საჰაერო ექსპერიმენტების ჩასატარებლად.