„უსაფრთხოების ღვედებს არ ვენდობი“ | ილია თოფურიას ყოფილი მეტოქე
UFC-ის ქვემსუბუქ წონით დივიზიონში მოასპარეზე ბრაის მიტჩელი უსაფრთხოების ღვედებს არ ენდობა და ფიქრობს, რომ მთავრობა მათ ტარებას არავის უნდა ავალდებულებდეს.
ილია თოფურიას ყოფილი მეტოქე, რომელიც თვლის, რომ დედამიწა ბრტყელია, თავისი წესებით ცხოვრობს. ამერიკელი მებრძოლი საკამათო საკითხებზე საუბრისას არასტანდარტულ და სუბიექტურ აზრებს ხშირად აფიქსირებს. ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე მიტჩელი უსაფრთხოების ღვედების გამოყენების ვალდებულებას შეეხო.
„უსაფრთხოების ღვედებს, ჩემი აზრით, ადამიანი უნდა ირჩევდეს გამოიყენოს თუ არა. მთავრობა არაფერს მიკეთებს და, ამავდროულად, ჩემზე კარგად იცის მსურს თუ არა უსაფრთხოების ღვედის გაკეთება“, - ამბობს მებრძოლი.
„მე პირადად არ მომწონს ღვედების ტარება. თუ ავტომობილიდან დაუყოვნებლივ გადმოხტომის აუცილებლობა გექმნება, რა უნდა ქნა? ამაზე არავინ ფიქრობს.“ - დასძინა მიტჩელმა. „მე არ ვიყენებ ღვედებს. დედაჩემსაც არასდროს გამოუყენებია. უბრალოდ არ ვენდობი და მორჩა. მთავრობას არავინ ეკითხება უნდა მეკეთოს თუ არა ღვედი. ამ საკითხს ასე ვხედავ.“
„მე არ ვიყენებ მაგრამ ჩემს ბავშვს ყოველთვის ვუკეთებ. თავად კი მანევრულობა მირჩევნია.“
მიტჩელი ოქტაგონს კვირას დაუბრუნდება და კრონ გრეისი დაუპირისპირდება. MMA-ის ქართველი გულშემატკივრები ბრაისს კარგად იცნობენ. 2022 წლის დეკემბერში, მიტჩელი ილია თოფურიას ეჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა, ორთაბრძოლის შემდეგ კი წაგება გრიპს დააბრალა.
განახლება: 8 დეკემბერს მიტჩელმა კრონ გრეისი ნოკაუტით დაამარცხა.