Sir Class: ჰამილტონის ინსპირაციით შექმნილი უსწრაფესი G-Class-ი
ლუის ჰამილტონი მიმდინარე სეზონის შემდეგ Mercedes-AMG Petronas-ს ტოვებს და Ferrari-ის გუნდს შეუერთდება. ჰამილტონი „ფორმულა 1“-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან პილოტად რჩება - კარიერის განმავლობაში 202 პოდიუმით, 105 გამარჯვებითა და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონობით.
ჰამილტონის მიერ მიღწეული წარმატებები შთამაგონებელი აღმოჩნდა გერმანული ტუნინგ კომპანია HOF-ისთვის. ფირმამ უნიკალური G-Class-ი წარგვიდგინა, სახელწოდებით 'Sir Class'.
მანქანა Mercedes-AMG G63-ის ბაზაზეა შექმნილი, თუმცა მისი ქარხნული 4-ლიტრიანი V8 ძრავა სრულად გადახალისებულია. სპეციალურ პროგრამულ განახლებასთან ერთად, ინჟინრული ფუნქციები, მანქანის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს: მოდელი 1 063 ცხენის ძალას და 1 300 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. G-Class 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3.5 წამში ჩქარდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ია.
მანქანის კორპუსის ძირითადი ნაწილი, მათ შორის კაპოტი, კარბონისაა, Petronas-სთვის დამახასიათებელი მწვანე აქცენტები დატანილია მანქანის 23-ინჩიან დისკებზე, საბურავების ფერი კი, ვერცხლისფერიდან შავ ტონალობაში გადადის. მოდელის სიმაღლე 3სმ-ითაა შემცირებული, რაც მართვის სტაბილურობას და აეროდინამიკას აუმჯობესებს. ხოლო კარბონის კერამიკული მუხრუჭები ეფექტიანი და მყისიერი მოქმედებისთვისაა შექმნილი.
სალონში ახალი სპორტული სავარძლებიც დაგხვდებათ, რომელთაც მწვანე აქცენტები ამშვენებს, ხოლო თავის საყრდენებზე ამოქარგულია ციფრი „1 063“. კაბინა გაწყობილია ტყავითა და ალკანტარათი, ხოლო კარის პანელები და დაფა დამატებით სპეციალური აქცენტებითაა გაფორმებული. მანქანაში კიდევ ერთი გამორჩეული დეტალია „ვარსკვლავური ცის ჭერი,“ რომელიც Rolls-Royce-ის ცნობილი დიზაინის მსგავსია.
ავტომობილის განსაკუთრებული დეტალი საჭეა, რომელიც ჰამილტონის W13 სარბოლო მანქანის ინსპირაციით შეიქმნა. HOF-მა ის კარბონის ბოჭკოთი და ალკანტარათი გააფორმა, რაც მას არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ფუნქციურადაც უნიკალურს ხდის.
ეს ექსკლუზიური სუპერ-SUV გასულ შაბათ-კვირას აბუ-დაბის გრან-პრიზე წარადგინეს. HOF-ი მის მხოლოდ 11 ეგზემპლარად გამოშვებას გეგმავს, თითოეულის საწყისი ფასი $690 000-ია.