რეიტინგი, ბიემვი, ტოიოტა, სუბარუ, ჯიპი, ლექსუსი
Aa
Aa

Subaru-მ BMW-ის მომხმარებელთა ანგარიშში პირველობა წაართვა

Consumer Reports-მა ყოველწლიური ანგარიში წარმოაგდინა. ორგანიზაციის კვლევა მსოფლიოს წამყვან ავტომწარმოებლებს აერთიანებს და მათ, ძირითად ინდიკატორებზე დაყრდნობით - მათ შორის სანდოობა, მომხმარებელთა კმაყოფილება, უსაფრთხოება, შენახვის ხარჯი, საგზაო ტესტირებების შედეგები - აფასებს.

წლევანდელ რეიტინგში, ორწლიანი ლიდერობის შემდეგ გერმანულმა BMW-იმ პირველობა დაკარგა და მისი ადგილი Subaru-მ დაიკავა. მესამე ადგილზე Lexus-ი გავიდა, ხოლო ბოლო პოზიციები Jeep-მა, Rivian-მა და Land Rover-მა გადაინაწილეს.

აღსანიშნავია, რომ Subaru-მ რეიტინგში ლიდერული პოზიციის მოპოვება პირველად შეძლო. ავტომწარმოებელმა სანდოობის რეიტინგშიც გაიმარჯვა, სადაც ტრადიციული ლიდერები, Toyota და Lexus-ი, უკან ჩამოიტოვა.

საინტერესოა ისიც, რომ წლევანდელ რეიტინგში აზიური კომპანიების დომინაცია შეინიშნება. მყარად ინარჩუნებენ ადგილებს გერმანული ავტომწარმოებლებიც, მათ შორის BMW-ი, Porsche, Audi, თუმცა ათეულში არცერთი ამერიკული ბრენდი არ გვხვდება.

საუკეთესო ამერიკული კომპანია, ამ რეიტინგის მიხედვით, Chrysler-ია, რომელიც მე-16 პოზიციას იკავებს, Tesla მე-18 ადგილზეა, ხოლო Ford-ი მე-19-ზე. Consumer Reports-ის თანახმად, ამერიკული კომპანიებისთვის მთავარი დაბრკოლება სანდოობის პრობლემებია. განსაკუთრებით დაბალი ქულით შეფასდა ისეთი მოდელები, როგორიცაა: Ford F-150 Hybrid-ი, F-150 Lightning-ი და Chevrolet Blazer EV-ი.

Jeep-ი, ზედიზედ უკვე მეორე წელია, რეიტინგის ბოლო პოზიციაზე რჩება. მოდელის ვიზუალური მიმზიდველობს მიუხედავად, მანქანის საიმედოობა და საგზაო ტესტირებების შედეგები, მუდმივად იმედგამაცრუებელია.

პარალელურად კი, Subaru-მ და სხვა აზიურმა ბრენდებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სანდოობა და მომხმარებელზე ორიენტირება წარმატების უმთავრესი გასაღებია. ამავდროულად, ამერიკულ მწარმოებლებს შრომატევადი სამუშაო აქვთ გასაწევი, თუ მათ რეიტინგებში ტოპ-პოზიციებზე დაბრუნება კვლავ სურთ.

 

მსგავსი სიახლეები