ტოიოტა, ტოიოტა სუპრა
Aa
Aa

2027 წლის Toyota GR Supra Mk6: 400 ცხ.ძ-ის ჰიბრიდული ტურბო ძრავით

მეხუთე თაობის Toyota GR Supra, რომელიც A90 Final Edition-ით დაგვემშვიდობება, თავისი ხუთწლიანი წარმოების ციკლის დასასრულს უახლოვდება. თუმცა, Toyota-ს გულშემატკივრებს შეშფოთების მიზეზი არ აქვთ – კომპანიამ Supra-ს მემკვიდრის გამოშვების შესახებ გავრცელებული ხმები უკვე დაადასტურა. ბოლო ცნობებით, მეექვსე თაობის GR Supra 2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავითა და ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება და 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.  

თავდაპირველად, არსებობდა მოლოდინი, რომ ავტომწარმოებელი სრულად ელექტრიფიცირებულ მეექვსე თაობის Supra-ს წარმოგვიდგენდა, თუმცა ეს ხმები არ გამართლდა. Toyota-მ არჩევანი მრავალმხრივ სტრატეგიაზე შეაჩერა. ეს მიდგომა მოიცავს როგორც შიგა წვის ძრავას (ICE), ასევე ელექტრიფიცირებულ სისტემებს. არსებული ინფორმაციით, ახალი Supra, BMW-ის კომპონენტების გარეშე, მხოლოდ Toyota-ს მიერ შემუშავებული ძრავით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდის დამოუკიდებლობისთვის.  

ახალ 2-ლიტრიან ძრავას, რომელიც 2024 წლის მაისში დაანონსდა, წესით მხოლოდ Supra-ს მოდელებში არ ვიხილავთ. სავარაუდოდ, იმავე ძრავას ავტომწარმოებელი Celica-შიც გამოიყენებს. ჰიბრიდული სისტემა კი ავტომობილების გამომუშავებას კიდევ უფრო გაზრდის და პარალელურად, საწვავის ეკონომიასა და გამონაბოლქვის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.  

ჰიბრიდული სისტემის კონფიგურაცია თვითდამუხტვის ტექნოლოგიას გულისხმობს და ძრავასა და გადაცემათა კოლოფს შორის განთავსებულ ელექტროძრავას იყენებს. გადაცემათა კოლოფის ვარიანტებში რვა ან ათ-სიჩქარიანი ავტომატიკა მოიაზრება, თუმცა Toyota იმიტირებული მექანიკური კოლოფის ტექნოლოგიაზე ექსპერიმენტებსაც ატარებს, რაც კლასიკური „მექანიკის“ მომხმარებლებისთვის კარგი ამბავი უნდა იყოს. 

ახალი GR Supra-ს დიზაინი სავარაუდოდ ევოლუციური იქნება: უფრო აგრესიული პროპორციებითა და გამოკვეთილი სპორტული სტილით. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ Toyota-ს ახალი Supra-ს ექსტერიერის დიზაინსა და შასის ტუნინგზე კონტროლი სრულად საკუთარ თავზე აქვს აღებული.

ეს ყველაფერი არაა: Toyota Gazoo Racing-ის გულშემატკივრებს სიხარულისთვის ბევრი მიზეზი აქვთ. კომპანიის სამომავლო გეგმებში სხვა სპორტული ავტომობილების ახალი თაობების წარმოებაც შედის, მათ შორისაა: Supra-ს, Celica-ს, MR2-ის და GR 86-ის ახალი თაობები, ასევე ახალი GR GT3 სუპერქარის დებიუტიც...  

ბოლო ინფორმაციით, მეექვსე თაობის GR Supra ბაზარზე 2027 წელს გამოჩნდება. თუმცა A90-ის წარმოების დასრულების გათვალისწინებით (2025 წელი) ახალი Supra-ს დებიუტი შესაძლოა 2026 წელსაც შედგეს. რეალურად, ყველაფერი Toyota-ს სტრატეგიაზეა დამოკიდებული. 

მსგავსი სიახლეები