ავარია
Aa
Aa

წინასაახალწლო ავარიების სახიფათო ტრადიცია

სამხრეთ აფრიკაში ახალი, სახიფათო ტენდენცია შეიმჩნევა: ადამიანები, ინვალიდობისთვის კომპენსაციის მისაღებად, მოძრავ მანქანებს „უვარდებიან“. ამის შესახებ გაფრთხილება უკვე ადგილობრივმა მთავრობამაც გაავრცელა. საგზაო შემთხვევების ეროვნული ფონდის ინფორმაციით, ადამიანები, სპეციალურად, ავტომობილების სავალ გზაზე გადადიან და ავარიის პროვოცირებას ახდენენ.

მსგავსი ქმედებები ყველაზე ხშირად გზაჯვარედინზე ხდება, რაც უფრო დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ტენდენციის მიზეზი ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბეა: „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა მოსახლეობის მძიმე ფინანსური პრობლემები იყოს“.

ავტოავარიის შედეგად დაშავებულ პირებზე ფონდი კომპენსაციას გასცემს. თუმცა ახლა უკვე მსგავს შემთხვევებს ორგანიზაცია სიღრმისეულად სწავლობს რათა დადგინდეს, შემთხვევა რეალურად მოხდა თუ ხელოვნურად, განზრახ იყოს გამოწვეული.

ცნობისთვის, ფონდი კომპენსაციას არ გასცემს მძღოლებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავარიის შედეგად მათ ძლიერი დაზიანებები მიადგებათ.

საგზაო შემთხვევების ეროვნული ფონდს ზუსტი მონაცემები არ გაუვრცელებია, თუმცა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევათა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება. ცნობილია, რომ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე მონაკვეთში, ფონდმა დაახლოებით 50 000 მიმართვა არ დააკმაყოფილა.

ორგანიზაციამ გაფრთხილება წლის ყველაზე საშიში პერიოდის წინ გაავრცელა. ფონდის ინფორმაციით, დეკემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე, ავარიების შედეგად ყოველწლიურად საშუალოდ 1 500 ადამიანი იღუპება, აქედან 40% ქვეითია. მხოლოდ 2023-2024 წლებში, ამ შემთხვევათა გამო, ორგანიზაციას 2.5 მილიარდი დოლარის მოცულობის კომპენსაციის გადახდა მოუწია.

მსგავსი სიახლეები