გაბრაზებული მძღოლი ახალი მანქანით სადილეროში შევარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ახლად შეძენილი ავტომობილით მიზანმიმართულად Mazda-ს შოუ-რუმში შევარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მაიკლ მიურეი მანქანის მექანიკური გაუმართაობის გამო გაბრაზდა და ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა.
სადილეროში მისვლის შემდეგ, მიურეი თანამშრომლებს დაემუქრა, რომ თანხის არ ანაზღაურების შემთხვევაში, შენობის წინა კარებს ავტომობილით შეეჯახებოდა. მან ახლად ნაყიდ მანქანას „ლიმონიც“ უწოდა. სადილეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, მიურეის თანხის დაბრუნება ან ავტომობილის შეცვლა შესთავაზეს, თუმცა მან დანაშაული მაინც ჩაიდინა.
მიურეიმ Subaru Outback-ი რამდენიმე დღით ადრე შეიძინა. შესყიდვიდან მალევე, ახალმა მფლობელმა ავტომობილის მექანიკური გაუმართაობა აღმოაჩინა და ავტომობილი კვლავ შოუ-რუმში, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით მიიყვანა. სადილეროს განცხადებით, კომპანიამ მიურეი შესყიდვამდეც გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ავტომობილს ტექნიკური სერვისის გავლა სჭირდებოდა.
დაკავების ანგარიშის თანახმად, შემთხვევის დროს, მთავარ შესასვლელთან, დაახლოებით შვიდი პირი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შოუ-რუმს $10 000-ის ოდენობის ზარალი მიადგა. მიურეი დაკავებულია. მას ბრალი სხვისი ქონების განზრახ დაზიანებასა და სხვების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნისთვის ედება.