რონალდუსა და მბაპეს BMW-იმ საფეხბურთო სეზონისთვის ერთნაირი მოდელები გადასცა
თუმცა ეს ავტომობილები იდენტური მაინც არ გახლავთ და მარტივად რომ ვთქვათ: რონალდუს მანქანა უკეთესია.
საუდის არაბეთის კლუბ „ალ ნასარის“ მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე, გუნდის ყველა წევრი, 2024-25 წლების სეზონისთვის ახალი ავტომობილებით დასაჩუქრდა. ეს გასაკვირი არაა, თუ ამ კლუბის შემოსავლებსა და ამბიციებს გავითვალისწინებთ, თუმცა ამ ფაქტში, საინტერესო სულ სხვა ნიუანსია.
საქმე იმაშია, რომ კლუბს, რომელშიც ამჟამად პორტუგალიელი ფეხბურთელი თამაშობს, გერმანული ავტომწარმოებელი BMW ასპონსორებს. იგივე კომპანია წლებია „მადრიდის რეალთანაც“ თანამშრომლობს. ასე, რომ ბავარიულ ავტომწარმოებელს პიარისთვის ფოტოები ამ კლუბების ორი მთავარი ვარსკვლავის - კრიშტიანუ რონალდუსა და კილიან მბაპეს მონაწილეობით ექნება.
ეს ერთადერთი დამთხვევა სულაც არაა. საინტერესო ფაქტია ის, რომ რონალდუსა და მბაპეს ერთნაირი მოდელები შეხვდათ, თუმცა სრულად იდენტურები მაინც არა. რეალურად ორივე ვარსკვლავმა BMW XM-ის მოდელი მიიღო, რომელიც ბრენდის ერთ-ერთი ფლაგმანია. ამასთან ერთად, რონალდოსა და მბაპეს მანქანები, ორივე, plug-in ჰიბრიდული SUV-ებია. მაშინ რა ქმნის განსხვავებას?
კრიშტიანო რონალდოს მოდელი BMW XM-ის ტოპ-ვერსიაა – Red Label. ავტომწარმოებლის ექსკლუზიური მოდელი BMW-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მანქანაა და 748 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ტრასაზე მის ამოცნობას კი, წითელი ჩარჩოს მქონე ცხაური და უფრო გამოკვეთილი, შავი ფერის მქრქალი დიზაინი გაგიმარტივებთ.
რაც შეეხება მბაპეს XM-ს, ეს მოდელიც შესაშური შესაძლებლობებით გამოირჩევა. ავტომობილი 653 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 180 000 ევროდაა შეფასებული. რონალდის ექსკლუზიური მოდელის ფასი კი, $200 000 ევროს აჭარბებს. მარტივად შეიძლება ითქვას, რომ მანქანებს შორის განსხვავება კიდევ ერთხელ რონალდუს პრივილეგიებზე მიუთითებს. თუმცა პორტუგალიელმა ეს სწორედ მისი კარიერითა და კარგი საავტომობილო გემოვნებით დაიმსახურა.