Ford Escort RS-ი დაბრუნდა
Ford-მა თავისი ერთ-ერთი საკულტო მოდელის, Escort-ის წარმოება ჯერ კიდევ 2000-იან წლებში შეაჩერა და გზა, Ford Focus-ს დაუთმო. ბოლოს, Escort-ის სახელქვეშ, ავტომწარმოებელმა სპეციალური მოდელი ჩინეთში გამოუშვა, თუმცა მაშინ ეს დაბრუნება ხანმოკლე აღმოჩნდა.
ამჯერად Escort-ის ტრასებზე დაბრუნების საპასუხისმგებლო მისია საკუთარ თავზე ბრიტანულმა კომპანია Boreham Motorworks-მა აიღო. მაგრამ, რა თქმა უნდა, მიზნის მიღწევას ფირმა Ford-თან თანამშრომლობით შეეცდება. ბრიტანული კომპანიისა და Ford-ის ერთობლივი პროექტი ე.წ. Continumod-ი იქნება, რაც ნიშნავს, რომ თავდაპირველი ვერსიის აღდგენის ნაცვლად, მოდელის წარმოება გაგრძელდება ისე, თითქოს მისი განვითარება არასდროს შეწყვეტილა.
Escort RS-ში მოდელისთვის დამახასიათებელი რეტროკორპუსი მოდერნიზებულია, გამქრალია სტანდარტული ძრავაც და ის უფრო დიდი, 2.1-ლიტრიანი ძრავითაა ჩანაცვლებული, რომელიც 296 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.
პარალელურად, კომპანიები მომხმარებელს Escort-ის საბაზისო ვერსიასაც სთავაზობს - 4-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითა და 1.8-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 182 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებელი, დღევანდელ სტანდარტებთან შედარებით შესაძლოა უმნიშვნელო ჩანდეს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მანქანა მხოლოდ 800 კილოგრამს იწონის.
ძველი დროის მსგავსად, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებს ვერც ამ მოდელში შევხვდებით, თუმცა მანქანას ოთხივე ბორბალზე სამუხრუჭო დისკო აქვს მიმაგრებული. ავტომობილი 15-ინჩიან ბორბლებზე დგას, რომელიც იდეალურად ერგება ფოლადისგან დამზადებულ ფართო თაღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მოდელის ფასი დაახლოებით 375,000 აშშ დოლარია. კომპანიები Escort RS-ის მხოლოდ 150 ეგზემპლარად გამოშვებას გეგმავენ. პრეზენტაცია, სავარაუდოდ, 2025 წელს შედგება.