Cadillac Escalade IQ ჯერ არ გამოსულა და უკვე მოიპარეს
ელექტრონული Cadillac Escalade IQ, რომელიც ჯერ გაყიდვაში არც კი ჩაშვებულა, ქალაქის ქუჩებში უკვე გადაადგილდება. რა თქმა უნდა, უკანონოდ. ეს მოდელები რამდენიმე დღის წინ დეტროიტში მდებარე Escalade IQ General Motors-ის სასაწყობო ტერიტორიიდან მოიპარეს. თუმცა გეგმის სრულყოფილად განხორციელებაში მძარცველებს ხელი ბეტონის ბარიერმა შეუშალა.
ინციდენტი ობიექტის გარშემო დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს. Metro Detroit News-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ავტომობილი ბეტონის გამყოფ ნაწილზე გაიჭედა. უცნობია, ვინმე იმყოფებოდა თუ არა ამ დროს ავტომობილში, თუმცა ვიდეოში გარკვევით ჩანს, რომ მანქანის წინა ბორბლები ისევ ტრიალებს. შესაძლოა, ეს ავარიის შედეგად გამოწვეული დეფექტიც იყოს, რადგან უკანა ბორბლები საერთოდ არ მოძრაობს.
View this post on Instagram
ინციდენტი ოთხშაბათს, დილის 3 საათისთვის მოხდა. პოლიციას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია და არც შემთხვევის შესახებ გაუვრცელებია დეტალური ინფორმაცია. უცნობია ისიც, თუ რამდენი ავტომობილის მოპარვა შეძლებს მძარცველებმა. Escalade IQ, რომელიც ვიდეოში ჩანს დაუზიანებელია და შესაძლოა მისი გამოყვანა სასაწყობო ობიექტის თანამშრომლებმა უვნებლად შეძლეს.
გამოძიება გრძელდება. თეორიულად, GM-ს შეუძლია, მოპარული Escalade IQ-ები OnStar სისტემის მეშვეობით გააკონტროლოს და მოძებნოს. ასე, რომ გამოძიებაში ალბათ ავტომწარმოებელიც მაქსიმალურად ჩაერთვება. თავისი გამორჩეული დიზაინის გამო, Escalade IQ გზებზეც მარტივად შესამჩნევია. სამართალდამცველებს საქმე შესაძლოა ამ ფაქტმაც გაუმარტივოს.