ილონ მასკი, მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ელექტრომობილები, ტესლა
Aa
Aa

Tesla-ს დამფუძნებლის აპოკალიფსური პროგნოზი შიგა წვის მანქანებზე

Tesla-ს მილიარდერი დამფუძნებელი, სრულიად საფუძვლიანად, თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიის უმთავრეს გურუდაა მიჩნეული. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც შიგა წვის ავტომობილებს ბრძოლა გამოუცხადა და ბაზარზე ახალი ინოვაციებითაც წარდგა.

შესაბამისად, ილონ მასკის დამოკიდებულება და შეფასებები, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის დიდ მნიშვნელობასაც იძენს. გასაკვირი არაა, რომ მასკი ავტომობილებსა და მის სამომავლო ხედვებზე ხშირად საუბრობს. სწორედ მანქანებზე საუბრისას, მილიარდერი იმ ტიპის ავტომობილებს შეეხო, რომლებიც მძღოლთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ მის გეგმებში ნამდვილად არ შედის.

„მომავალში ავტომობილების 99% ელექტრო და ავტონომიური იქნება. ბენზინზე მომუშავე მექანიკების მართვა კი, ცხენით ჯირითს დაემსგავსება“, - დაწერა მასკმა მის სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). საკმაოდ საინტერესო სტატისტიკაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, თუ ბოლო წლებში, ზრდის ნაცვლად, ელექტრომობილების გაყიდვების ტემპი ნელდება. ეს ტენდენცია კი, განსაკუთრებით ევროპაში ნარჩუნდება.

თუმცა, მასკის აზრი მაინც გასათვალისწინებელია, რადგან მისმა ფსონმა, ელექტრომობილების საწარმოზე, ნამდვილად გაამართლა. ამას ემატება ტექნოლოგიური ინოვაციები, რომელსაც ამერიკელი მილიარდერი თითქმის ყოველწლიურად გვთავაზობს.

ამჟამად, კომპანია სრულად ავტონომიური მოდელების დახვეწაზე მუშაობს, პარალელურად მასკმა ცოტა ხნის წინ ჰუმანოიდი რობოტები და Cybercab-იც წარგვიდგინა. თუმცა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილებისადმი მეტწილად სუბიექტურადაც შეიძლება ჩაითვალოს და ალბათ, ავტოენთუზიატების დიდ რაოდენობასაც გაანაწყენებს.

მსგავსი სიახლეები