აუქციონი, კლასიკური ავტომობილები, მერსედესი, მერსედეს-ბენცი
Aa
Aa

გჯერათ, რომ ეს 55 წლის Mercedes-ი არასდროს აღუდგენიათ?

კლასიკური ავტომობილების ფასი, აუქციონებზე, ყოველდღიურად იმატებს. RM Sotheby’s-იმ სულ ახლახან, 1971 წლის Mercedes-Benz 280 SE 3.5 Cabriolet-ი წარგვიდგინა, ავტომობილი, რომლისთვისაც თითქმის 55 წელია, რესტავრირება არ ჩაუტარებიათ. ფასიც შესაბამისია - Mercedes-ი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის, $1 მილიონადაა შეფასებული.

Sotheby’s-ის შეფასებით, გასაყიდად გამოტანილი მოდელი, მის ეგზემპლარებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა. წლების გასვლის მიუხედავად, მანქანა თავის ქარხნულ ძრავას და გადაცემათა კოლოფს ინარჩუნებს. კორპუსიც თითქმის შეუცვლელია, ინტერიერიც ხელუხლებელი. ყველაფერი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მაშინ, როდესაც ამ Mercedes-მა საწარმოო ქარხანა დატოვა.

თავდაპირველი მფლობელები ამ ავტომობილს 1987 წლამდე ინახავდნენ, შემდეგ კი ის Mercedes-Benz-ის კოლექციონერმა კარლ კელერმა შეიძინა. კელერს მანქანა თითქმის არ გამოუყენებია და კილომეტრაჟსაც, 16 წლის განმავლობაში, მხოლოდ 805 კილომეტრი შემატა. 2008 წელს, ახალმა მფლობელმა მანქანას $27 000-იანი მომსახურება ჩაუტარა და ახალი გამონაბოლქვი სისტემა დაუყენა. 2022 წელს მოდელი კიდევ ერთხელ გაიყიდა და ამჯერად, უკვე სამხრეთ კალიფორნიაში, 300 SL Gullwing-ის გვერდით დაიდო ბინა.

ამ კლასიკური Mercedes-ის მთავარი განმასხვავებელი ის ფაქტია, რომ მისთვის, 55 წლის განმავლობაში, რესტავრირება არასდროს ჩაუტარებიათ. კომპანიამ 280 SE 3.5 Cabriolet-ი მხოლოდ 1 232 ეგზემპლარად გამოუშვა. მათგან 1971 წელს, წარმოების ბოლო წელს, მხოლოდ 347 ერთეული.

ავტომობილი 3.5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი, 200 ცხენის ძალას და 285 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილის ოდომეტრზე, ახლა, 32 000 კილომეტრია გამოსახული, რაც საკმაოდ მცირე მაჩვენებელია, მისი გამოსვლის თარიღის გათვალისწინებით.

 

მსგავსი სიახლეები