ფანტასტიკური ოთხეული: Bugatti-ის რეკორდსმენი მანქანები
2019 წლის სექტემბერში, Bugatti-მ განაცხადა, რომ რეკორდების დამყარებას თავს ანებებდა. თუმცა ახლა, კომპანიის მენეჯმენტმა აზრი შეიცვალა და Bugatti Rimac-ის ახალი ერთობლივი საწარმოც, ახალ რეკორდებს უმიზნებს.
W16 Mistral-ი ყველაზე სწრაფი, უსახურავო სერიული წარმოების ავტომობილი გახდა და ამ ტიტულით ისეთ ლეგენდარულ წინამორბედებს შეუერთდა, როგორებიც რეკორდების მფლობელი Veyron-ები და Chiron-ი არიან. წარმოდგენილ ფოტოზეც, სწორედ, ავტომწარმოებლის რეკორდსმენი მოდელებია წარმოდგენილი: Veyron 16.4 Super Sport World Record Edition-ი, Veyron 16.4 Grand Sport Vitesse World Record Edition-ი, Chiron Super Sport 300+ და W16 Mistral World Record Car-ი.
ეს ოთხი ლეგენდარული ავტომობილი The Singh Collection-ის ნაწილია და ისინი ინდოელ ენთუზიასტს ეკუთვნის. ავტომობილები, კოლექტიურად, 8-ლიტრიანი ტურბო ძრავებით, წარმოუდგენელ, 5 520 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ: მათ შორის Veyron-ები 1 183 ცხენის ძალას, ხოლო Chiron-ი და Mistral-ი თავიანთ მაქსიმალურ ნიშნულზე 1 577 ცხენის ძალას აღწევენ.
ამ ლეგენდარული ავტომობილების რეკორდული მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
- Veyron Super Sport Coupe: 431.07 კმ/ს
- Veyron Grand Sport Vitesse Convertible: 408.84 კმ/ს
- Chiron Super Sport 300+: 490.48 კმ/ს
- W16 Mistral Convertible: 453.91 კმ/ს
W16 ძრავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, თუმცა Bugatti სიჩქარის რეკორდების დამყარებას კვლავ აპირებს. კომპანია V16 ძრავაზე მუშაობს, რომელსაც თავის ახალ ჰიპერქარ, Tourbillon-ში გამოიყენებს. კომპანიის გეგმებით, ახალი თაობის ავტომობილის სიჩქარემ 500 კმ/სთ-ს უნდა მიაღწიოს. მსგავსი მიზნებისთვის, ერთ-ერთ მთავარ როლს საბურავები თამაშობს, რისთვისაც ავტომწარმოებელი Michelin-თან უკვე თანამშრომლობს.
Bugatti-ის სწრაფვა ახალი რეკორდებისკენ, თუნდაც შესაფერისი საბურავებით, უკვე დიდი გამოწვევაა. Volkswagen Group-ის დატოვების შემდეგ, Bugatti-მ Ehra-Lessien-ის სატესტო ტრასაზე წვდომა დაკარგა. ეს ტრასა კი იდეალური იყო მაღალი სიჩქარით გარბენისთვის. ბოლო რეკორდები, მათ შორის Mistral-მა, გერმანიის პაპენბურგის ტრასაზე დაამყარა, რომელიც ექსტრემალური სიჩქარეებისთვის ნაკლებად შესაფერისია.