ევროპა შიგა წვის ძრავის აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის
ევროკავშირმა 2035 წლისთვის, კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის ფარგლებში, შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. თავდაპირველად, რიგმა ავტომწარმოებლებმა რეგულაციების შესაბამისი გეგმები დაისახეს, თუმცა მიზნობრივი თარიღი ახლოვდება, ამ გეგმების სისრულეში მოყვანა რთულდება და ერთ დროს კანონმდებლობის მომხრეები, ახლა უკვე, მის მოწინააღმდეგეთა რიგებში ეწერებიან.
2035 წლის სამიზნე თარიღის გადაწევაზე მსჯელობენ, როგორც ავტომწარმოებლები, ასევე ევროპის სახელმწიფოებიც. ამჟამად, შიგა წვის ავტომობილებზე გეგმების ცვლილების მოთხოვნით ევროპარლამენტის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი - „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) გამოვიდა. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტია ბრიუსელისგან აკრძალვის გაუქმებას ითხოვს.
EPP-ის შეთავაზებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შიგა წვის ძრავა უნდა შენარჩუნდეს იმ ავტომობილებში, რომლებიც ალტერნატიულ საწვავს მოიხმარენ. გარდა ამისა, პროექტის დაშვებით, მწარმოებლებს, 2035 წლის შემდეგაც უნდა ჰქონდეთ საშუალება plug-in ჰიბრიდები აწარმოონ.
ფაქტია, ევროპაში მოქმედმა ბევრმა ავტომწარმოებელმა თავისი EV მიზნები უკან დახია. მათ შორის იყო Volvo, რომელიც ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვას სავარაუდოდ, 2030 წლის შემდეგაც გააგრძელებს.
EPP-ის გამონაბოლქვთან დაკავშირებული სხვა მკაცრი რეგულაციების გადავადებაც სურს, რათა კომპანიები მაღალი ჯარიმებისგან დაიცვას. Renault-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, სამომავლოდ ავტოინდუსტრიას, მხოლოდ ჯარიმების სახით, შესაძლოა 15 მილიარდ ევროზე მეტის გადახდა მოუხდეს.
ჯერ კიდევ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. ფაქტია, რომ 2035 წლის რეგულაციები შესაძლოა ერთნაირად წამგებიანი აღმოჩნდეს, როგორც ავტომწარმოებლებისთვის, ასევე თავად ქვეყნების ეკონომიკისთვის. თუმცა თუ გეგმები არ შეიცვლება, კომპანიებს მასთან ადაპტირება მოუწევთ, რადგან ნაკლები შანსია მათ მიზნებში ევროპის 27 ქვეყნის ბაზარზე წვდომის დაკარგვა შედიოდეს.