ელექტრომობილის მფლობელთა 92%-ს შიგა წვის ძრავებზე დაბრუნება არ სურს | კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, ელექტრომობილების მფლობელთა 92%-ს შიგა წვის ძრავებზე დაბრუნება აღარ სურს. გამოკითხულთა მხოლოდ 1% არჩევდა კვლავ ტრადიციული ძრავის მქონე ავტომობილის ფლობას, 4% კი, უპირატესობას, ჰიბრიდულ მოდელებს ანიჭებს. დარჩენილ 3%-ს ან საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.
უახლესი კვლევა Global EV Alliance-ის მიერ ჩატარდა და 23 000-ზე მეტი ელექტრომობილის მფლობელი გააერთიანა, ჯამში 18 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორისაა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ბრაზილია, ინდოეთი, საფრანგეთი და ა.შ. კვლევის ფარგლებში, ორგანიზაცია იმ მიზეზებითაც დაინტერესდა, რომლის გამოც მძღოლი ელექტრო, ჰიბრიდ ან შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს აირჩევდა.
ელექტრომობილებისადმი მფლობელთა ერთგულების რამდენიმე ძირითადი მიზეზი გამოიკვეთა, ესენია:
- დაბალი საოპერაციო ხარჯები (45%),
- კლიმატური კრიზისის ფაქტორი (40%),
- ადგილობრივი გარემოს დაცვა (32%),
- მართვის მაღალი ხარისხი (21%),
- ტექნიკური მომსახურების დაბალი ხარჯები (18%).
მარტივად, გამოდის რომ ელექტრომობილებზე არჩევანის გაკეთებისას მთავარ როლს ფინანსური ფაქტორი თამაშობს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ EV-ების მფლობელები სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემებს არ აწყდებიან. კვლევის ფარგლებში ყველაზე დიდ პრობლემად სწრაფი დამუხტვის სერვისების შეზღუდული რაოდენობა, ასევე მათი გაუმართაობა და დამუხტვისთვის საჭირო დიდი დრო დასახელდა.
ამ პრობლემის მოგვარებას, ამერიკული Tesla აქტიურად ცდილობს. ელექტრომობილების მწარმოებლის მიზანია თავისი ე.წ. „სუპერჩარჯერები“, რომლებიც მანქანების სწრაფად დამუხტვისთვისაა შექმნილი, მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს.