ელექტრომობილი, ლამბორგინი
Aa
Aa

Lamborghini ელექტრომობილს ათწლეულის ბოლომდე არ გამოუშვებს

Lamborghini-ში სჯერათ, რომ ბაზარი, ამ ეტაპზე, სრულად ელექტრო მდიდრული ავტომობილისთვის მზად არ არის. გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღეს და გეგმებიც გადაავადეს: იტალიური ავტომწარმოებელი ათწლეულის ბოლომდე სრულად ელექტრო ავტომობილს აღარ გამოუშვებს. 


მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტრომობილის გამოშვების სამიზნე თარიღმა 2026 წლიდან 2029 წლამდე გადაიწია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ვინკელმენის განცხადებით, მდიდრული სპორტული ავტომობილების ბაზარი სრულად ელექტრიფიცირებისთვის ამ ეტაპზე მზად არაა: „არ მიგვაჩნია, რომ 2029 წელი ელექტრომობილის გასაშვებად დაგვიანებულია. თუმცა ვთვლით, რომ ჩვენი სეგმენტისთვის 2025 და 2026 წლებში მსგავსი პროდუქტის შეთავაზება ჯერ ადრეა“. 

Lamborghini-სგან განსხვავებით, დასახულ მიზნებს არ ცვლის მისი მთავარი კონკურენტი. თუ ყველაფერი თავდაპირველი გეგმის შესაბამისად შესრულდება, მაშინ, Ferrari-ის პირველ ელექტრომობილს მომდევნო წელს ვიხილავთ. 

თავის მხრივ, Lamborghini-ის გადაწყვეტილება მრავალი შიდა თუ გარე ფაქტორით აიხსნება. ავტომწარმოებელი არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელმაც ელექტრიფიცირებასთან დაკავშირებული გეგმები შეცვალა. 

იტალიური ავტომწარმოებლის განცხადებით, ისინი ევროკავშირისგან უფრო მკაცრი რეგულაციების მიღებას ელოდებიან და 2026 წელს, მათ გეგმებსაც ორგანიზაციის ჩარჩოსთან შესაბამისობით ჩამოაყალიბებენ. სამომავლოდ, Lamborghini სინთეზური საწვავის გამოყენებასაც არ გამორიცხავს და ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსიებს ყურადღებით აკვირდება. 

მსგავსი სიახლეები