ელექტრომობილი, რუსეთი
Aa
Aa

რუსული Kama Atom EV: უცნაური SUV-ი ჩინური ტექნოლოგიით

Kama Atom-ი რუსული წარმოების ელექტრომობილია, რომლის შესახებაც ამ დრომდე, ინფორმაციას თითქმის არ ვფლობდით. სტარტაპ კომპანია Kama-მ, რომელსაც რუსული პირდაპირი ინვესტიციების ფონდი აფინანსებს, პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. ამჟამად, ელექტრო SUV-ი აქტიური ტესტირებისა და განვითარების პროცესშია და შესაძლოა, ბაზარზე, 2025 წელს ვიხილოთ. 

საინტერესოა, რომ ამ პროექტს, რუსეთთან ერთად, მჭიდრო კავშირები აქვს ჩინეთთანაც, კერძოდ კი, ჩინეთის ქალაქ ნანძინგში მოქმედ Atom Automotive Engineering and Technology-თან. შეიძლება ითქვა, რომ რუსეთის ავტოინდუსტრია, რომელიც 2022 წელს, უკრაინასთან ომის ესკალაციის შედეგად დაზარალდა, ახლა ჩინურ პარტნიორებთან ერთად ცდილობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. 


ავტომობილის პირველადი კონცეპტი 2023 წლის მაისში გასაჯაროვდა, თუმცა უახლეს ფოტოებში, ეს მოდელი რენდერებთან შედარებით უფრო დიდი ჩანს და დიზაინიც შედარებით განსხვავებული აქვს. ამის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის კვლავ უცნობია, ეს საბოლოო ვერსიაა, დაუსრულებელი ესკიზი თუ სრულიად ახალი მოდელი. 

გარეგნულად, Kama Atom-ის კორპუსი MG 4-ს მოგვაგონებს, თუმცა რუსული ელექტრომობილი ამ ფოტოებზე უფრო მაღალი და გრძელი ჩანს. მანქანას წინა მხარეს ვიწრო LED-მაშუქები უყენია, რომელიც განათების ზოლით უკავშირდება ერთმანეთებს. არც ცხაურია ტრადიციული, მაშუქები კი, წინა ბამპერშია დამალული. 

საერთო ჯამში, შედარებისთვის იმის თქმაც შეიძლება, რომ Atom-ის დიზაინი თანამედროვე ჩინურ ელექტრომობილებს წააგავს. ტექნიკური დეტალები, მაგალითად, ბატარეის სიმძლავრე ან ელექტროძრავის მახასიათებლები, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, რუსულმა ბრენდმა ახალი ელექტროსედანი, Lightning-ი მიმდინარე წლის აგვისტოშიც წარადგინა. Atom-ის ფურგონის ვერსია კი, განვითარების ეტაპზეა. 

მსგავსი სიახლეები