ავარია, ფერარი
Aa
Aa

პირველი დამტვრეული Ferrari 12Cilindri

Ferrari 12Cilindri, თავისი სილამაზით, სიმძლავრითა და რა თქმა უნდა იტალიური ატმოსფერული V12 ძრავით ნებისმიერ შეჯიბრს დაამშვენებდა. თუმცა ახლა, ბრწყინვალე ოქროსფერი შედევრის „დამსახურებით“, რომელსაც კომპანია ოფიციალურად, Giallo Montecarlo-ს უწოდებს, გზებზე 12Cilindri-ის რაოდენობა უკვე ერთით ნაკლებია. 

ამ შემთხვევას კიდევ უფრო საინტერესოს ის ფაქტი ხდის, რომ ავარია, სავარაუდოდ, ლუქსემბურგში გამართულ პრესდრაივის ღონისძიებაზე მოხდა. ეს კი, Ferrari-ის ახალი V12–ის პირველი ცნობილი ავარიაა. შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ მწირია, თუმცა Supercar.fails-ის მიერ გაზიარებული ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, ავარია ვიწრო, წვიმიან გზაზე მოხდა. სუპერქარს კი, მნიშვნელოვანი დაზიანებები მიადგა. 


ეს კონკრეტული Ferrari 12Cilindri, სანომრე ნიშნით GT950AH, ერთ-ერთია იმ ექვსი ოქროსფერი მოდელიდან, რომლებიც Ferrari-მ ჟურნალისტებისთვის გამართულ სარეკლამო ტესტირებაზე გამოიყენა. ღონისძიება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გაიმართა, რაც პრესრელიზებითაც დასტურდება.

ამ ეტაპზე უცნობია მძღოლის ვინაობა. ის შესაძლოა ჟურნალისტი, პრესდრაივის ორგანიზატორების წარმომადგენელი ან Ferrari-ის გუნდის წევრი ყოფილიყო. დაზიანებულია მანქანის მარჯვენა უკანა ნაწილი, ბორბალი და სარკე, ხოლო ბამპერის ნაწილები მთლიანად მოგლეჯილია. 

კარგი ამბავი კი ისაა, რომ მანქანა Ferrari-ის პრესფლოტის ნაწილია და კერძო საკუთრებაში არ იმყოფებოდა. ის ფაქტიც, რომ ავარიის ხარჯებს დაზღვევა აანაზღაურებს, სიტუაციას შედარებით ამსუბუქებს. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, მაგრამ ეს შესაძლოა მხოლოდ სტანდარტული პროცედურის ნაწილი ყოფილიყო.

ფაქტია, რომ ძლიერი ავტომობილი მართვისას დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე უკანა ამძრავ Ferrari-სთან გვაქვს, რომელიც V12-ითაა აღჭურვილი და 819 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 

მსგავსი სიახლეები