ელექტრომობილები, ჰონდა, ნისანი, მიტსუბიში
Aa
Aa

Honda და Nissan-ი ერთიანდებიან?

ზაფხულში გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შემდეგ, იაპონური ავტომწარმოებლები, Nissan-ი და Honda, ახლა უკვე საერთო კომპანიის ჩამოსაყალიბებლად ემზადებიან. ინფორმაციას იაპონური გამოცემა Nikkei ავრცელებს. მიზანი მარტივია: ელექტრომობილების მაღალკონკურენტულ ბაზარზე გაძლიერება.

დიდი ალბათობით, ალიანსში მესამე იაპონური კომპანია Mitsubishi Motors-იც ჩაერთვება. მომდევნო კვირებში იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაც, თუმცა სხვა დეტალები პარტნიორობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის უცნობია.

Mitsubishi Motors-ის ჩართულობაზე გავრცელებულ ხმებს ამყარებს ის ფაქტორიც, რომ Nissan-ი Mitsubishi-ის უმსხვილესი აქციონერია. ამასთან ერთად, Mitsubishi, Nissan-თან და Honda-თან ერთად, აგვისტოში გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის წევრიც იყო, რომელიც სამ იაპონურ ავტომწარმოებელს შორის საავტომობილო კომპონენტების გაზიარებას ეფუძნებოდა.

ელექტრომობილების მაღალკონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრება ახლა უკვე გამოცდილ ავტომწარმოებლებსაც უჭირთ. ბაზარზე Tesla-სა და ჩინური BYD-ის ელექტრომობილები ლიდერობენ, განსაკუთრებით მძიმე ვითარებას კი სწორედ ჩინური კომპანიები ქმნიან, რომლების მომხმარებლებს ბევრად დაბალფასიან ელექტრომობილებს სთავაზობენ.

შედეგად იკლებს სხვა ავტომწარმოებელთა გაყიდვები და შემოსავლები. იაპონური კომპანიები ჩრდილოეთ ამერიკისა და ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების მკვეთრ ვარდნაზე მიუთითებენ. Nissan-ს, Honda-სა და Mitsubishi-ის სჯერათ, რომ ერთიანი ძალებით არსებული გამოწვევების დაძლევას ბევრად უფრო მარტივად მოახერხებენ, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

მსგავსი სიახლეები