ტაქსის მძღოლმა მგზავრებისგან $300 000-ის ღირებულების კრიპტო მოიპარა
რამდენი თქვენგანი ყოფილა უკმაყოფილო ტაქსის მომსახურებით? ალბათ ძალიან ბევრი. თუმცა, დიდი ალბათობით, ამ ისტორიის შემდეგ გზის არმცოდნე ტაქსის მძღოლებზე უფრო ნაკლებს ინერვიულებთ.
ისტორიის მთავარი გმირი არიზონაში მცხოვრები 40 წლის მამაკაცია, რომელიც თავს, სავარაუდოდ, Uber-ის ტაქსის მძღოლად ასაღებდა. ამ პერიოდში კი, მან მგზავრებისგან $300 000-ის ღირებულების კრიპტოვალუტის მოპარვა მოახერხა.
სამართალდამცველების ცნობით, ნურჰუსეინ ჰუსეინი ტაქსის მძღოლად თავს 31 მარტიდან 11 ოქტომბრამდე ასაღებდა. საინტერესოა, რომ ჰუსეინი სწორედ იმ მგზავრებს ემსახურებოდა, რომელთაც ნამდვილი Uber-ი ჰყავდათ გამოძახებული და მათ ერთ-ერთი სასტუმროს გარეთ ელოდებოდა.
გამომძიებლების ინფორმაციით, ტაქსიში ჩასხდომის შემდეგ, ეჭვმიტანილი, Uber-ის აპლიკაციასთან დასაკავშირებლად, მგზავრებისგან მობილურს თხოულობდა. ჰუსეინი მგზავრების მობილურში ამოწმებდა, ფლობდნენ თუ არა ისინი კრიპტოვალუტას და თავის ციფრულ საფულეში ირიცხავდა.
დანაშაულის აღმოჩენა მხოლოდ 11 ოქტომბერს შეძლეს. სცენარი იგივე იყო, თუმცა ამჯერად, მგზავრს მობილურის დაბრუნების შემდეგ კრიპტოვალუტის გადარიცხვის შესახებ შეტყობინებები მიუვიდა და დაუყოვნებლივ სამართალდამცველებს დაუკავშირდა. დეტექტივებმა, ციფრული საფულის მონაცემებით ჰუსეინს მალევე მიაგნეს. ახლა ის დაკავებულია და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, $200 000-იანი ჯარიმის გადახდა ემუქრება.