კოლექცია, მერსედესი, ფერარი, ლამბორგინი, აუდი, ლექსუსი, როლს-როისი
Aa
Aa

რა ინახებოდა სირიის დიქტატორის ავტოფარეხში?

დიქტატურა, რომელიც სირიაში ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გრძელდებოდა, საბოლოოდ დასრულებულია. ყოფილი მმართველი რუსეთში გაიქცა, ძალაუფლება კი ხელში ოპოზიციურმა ძალებმა აიღეს, რომლებიც ახლა, თავისუფალი არჩევნებისთვის ემზადებიან.

ყოფილი ხელისუფალის გაქცევის შემდეგ დემონსტრანტები ალეპოში, მის სასახლეშიც შეიჭრნენ, სადაც დიქტატორის საიდუმლო გვირაბთან ერთად, მისი დიდძალი ქონებაც აღმოაჩინეს. რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა არის ამბოხებულების მიერ ნაპოვნი ავტოფარეხი, რომელიც ათეულობით ეგზოტიკურ და იშვიათ მოდელს უყრის თავს.

ამბოხებულებს სირიის ყოფილი დიქტატორის სასახლის სრულად შესასწავლად მხოლოდ ერთი დღე დასჭირდათ. ამის შემდეგ, ინტერნეტში სასახლიდან მრავალი საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა, საიდანაც ერთ-ერთი სწორედ ავტოფარეხიდანაა გადაღებული და ათობით მაღალი კლასის ავტომობილის ხილვის საშუალებას გვაძლევს.

მხოლოდ ეს ერთი ვიდეოც კი, საკმარისია, სირიის ყოფილი ხელისუფალის მრავალფეროვანი კოლექციის შესაფასებლად: ავტოფარეხში ვხედავთ წითელ Lamborghini LM 002-ს, რომელიც Lexus LX-სა და Toyota-ს შორისაა მოთავსებული, აქვეა Toyota FJ, Mercedes S-Class-ი, Aston Martin Rapide....

უნდა ვახსენოთ Ferrari F50-იც, კაპოტქვეშ თავისი მძლავრი V12 ძრავით, V8-ით აღჭურვილი Ferrari F430 და მდიდრული, წითელი Lamborghini Diablo. ვიდეოში ვხედავთ Cadillac Escalade-ს, S-Class-ის რამდენიმე სედანს, Audi R8-ს, Mercedes SLS-სა და Bentley Continental GT-ის. და ეს ყველაფერი არაა. სირიის ყოფილი მმართველი თავის სასახლეში Rolls Royce Ghost-ს, Audi S8-ს და Land Rover Defender-საც მალავდა.

ფაქტია, რომ ის მოდელები, რომელსაც დიქტატორი რუსეთში გაქცევამდე ფლობდა, არამარტო სირიაში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დიდი იშვიათობაა. მხოლოდ Ferrari F50-ის ღირებულება, სავარაუდოდ, შვიდციფრიან ნიშნულს აღწევს.

მსგავსი სიახლეები