სპორტული „ოფ-როუდი“: „დალიფტული“ C6 Corvette ტალახის საბურავებზე
Chevy Corvette-ის მძღოლები, ძალზე ხშირად, თავიანთი ავტომობილების განახლებასა და გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. ეს ამერიკული სპორტული მანქანა ცვლილებებს მარტივად ერგება და მისი გადაკეთება, დრაგ-რბოლებისთვის თუ უბრალოდ ტრეკისთვის, შედარებით მარტივია. თუმცა იმავეს თქმა უგზოობისთვის ნამდვილად გაგვიჭირდება, რადგან ერთი შეხედვით, Corvette-ს „ოფ-როუდთან“ არანაირი საერთო არ უნდა ჰქონდეს.
ამის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა ყველაფერი რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა შესაძლებელია, რასაც ინტერნეტში გავრცელებული ეს კადრებიც მოწმობს. ფოტოებზე ვხედავთ Corvette-ს და ყველაზე საინტერესოს, ამ Corvette-ის საბურავებს...
Corvette-ის მფლობელმა, მისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, მოდელის „დალიფტვის“ და სტანდარტული საბურავების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს უკანასკნელი მან ტალახის რელიეფის საბურავებით ჩაანაცვლა, რომლებიც იმდენად დიდია, რომ თაღების მიღმაც კი რჩება.
Reddit-ის პოსტიდან ირკვევა ისიც, რომ მფლობელმა ავტომობილს უკანა ფანჯრები მოხნა და ისინი, სავენტილაციო ჟალუზისებრი ცხაურით ჩაანაცვლა. ახლოდან დაკვირვების შემთხვევაში Trail Boss-ის სტიკერსაც დაინახავთ, ამასთან ერთად კი, მარტივად შესამჩნევია მოდელის სანომრე ნიშანიც - 4x4C6, თუმცა რთული სათქმელია ეს მხოლოდ ნომერია, თუ ავტომობილის სრულადამძრავ სისტემაზე მიგვითითებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩვენ, მსგავსად მოდიფიცირებული Corvette ვიხილეთ. ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში Marketplace-ზე C5 თაობის Vette იყიდებოდა - დალიფტული, სტანდარტულის ნაცვლად, ბევრად დიდ საბურავებზე.