ნიურბურგრინგი, კორვეტი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი
Aa
Aa

2025 წლის პირველი Corvette ZR1 მალე აუქციონზე გაიყიდება

Chevrolet-ის ტრადიციად ქცეული პროცესი კვლავ გრძელდება: 2025 წლის პირველი Corvette ZR1, რომელიც ჯერ სერიული წარმოებისთვის განკუთვნილი არაა, აუქციონზე გაიყიდება. შემოსული თანხა კი, საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება. აუქციონი 2025 წლის 18-26 იანვარს გაიმართება. 

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის მოდელი, რეალურად, ჯერ სერიული წარმოებისთვის მზად არაა, აუქციონი უნიკალური შანსია Corvette-ის მოყვარულთათვის ავტომობილის პირველ მფლობელებად იქცნენ. და ეს მხოლოდ პირველი მანქანის ფლობის პრივილეგია არა, რადგან საქმე 1 064 ცხენის ძალის მქონე Corvette-თან გვაქვს, რომელიც წინამორბედებთან შედარებით რეკორდულ სიჩქარესაც ავითარებს. 2025 წლის "პირველ მანქანას" მეტად სიმბოლური დატვირთვაც აქვს და მისი მფლობელი, უკვე ტრადიციულად, აუქციონის წესით ვლინდება. 

როგორც ყოველთვის, დიდი შანსია წლევანდელი მოდელიც რიკ ჰენდრიკის პირად კოლექციაში აღმოჩნდეს. ჰენდრიკს უკვე ჰყავს რამდენიმე ძველი და ახალი Corvette, მათ შორის ისეთი მოდელები, რომლებიც VIN ნომრით 001 სრულდება. სწორედ ჰენდრიკმა შეიძინა პირველი C8 Corvette, პირველი Z06, პირველი Z06 Convertible და ახლახან, პირველი Corvette E-Ray. თითოეულ მათგანში, მან საშუალოდ $1 მილიონი გადაიხადა, Z06 კი, დაახლოებით $3.6 მილიონი დაჯდა. 

როგორც გითხარით, წლევანდელი ღონისძიებიდან მიღებული თანხა სრულად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. მთავარი ბენეფიციარი ამჯერად ამერიკის წითელი ჯვარი იქნება. 

2025 წლის Corvette ZR1 ამ მოდელის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილია. მანქანა 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 2.3 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი, რომელსაც ამ ავტომობილმა მიაღწია 233 კმ/სთ-ს უტოლდება. ცნობისთვის, ამ მაჩვენებლის დაფიქსირებისას, ავტომობილს GM-ის პრეზიდენტი მარკ რუესი მართავდა. 

Corvette ZR1 უკვე გერმანიაში, ნიურბურგრინგზეც გამოცადეს, თუმცა ოფიციალური დრო ჯერ არ დაუმყარებია. ცნობისთვის, Ford-ის Mustang GTD-იმ ჩრდილოეთ ამერიკის რეკორდი სულ ახლახან დაამყარა, თუმცა ბევრი თვლის, რომ Corvette, თავისი აგრესიული აეროპაკეტით და 1 064 ცხენის ძალით, ამ შედეგის გაუმჯობესებას მოახერხებს. 

მსგავსი სიახლეები